წყლის რესურსები და ენერგეტიკა: გასვლითი შეხვედრა ჟინვალში
28 სექტმებერს, სსიპ ქ. გორის №8 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნოვატორების“ წევრები ქ. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბებთან ერთად ჟინვალის წყალსაცავს ეწვივნენ. საინტერესო ეკოლოგიური ექსკურსიის ორგანიზატორი ქ. გორის №9 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გახლდათ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს წყალსაცავის მასშტაბური ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მისი შექმნის ისტორიას, ფუნქციონირების პრინციპებსა და მნიშვნელობას ქვეყნის ენერგომომარაგებისა და წყალმომარაგების პროცესში. გარდა ამისა, ახალგაზრდა მკვლევრები დააკვირდნენ მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემას, იმსჯელეს წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე, ჰიდროენერგეტიკისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირსა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
ერთობლივმა გასვლამ ხელი შეუწყო როგორც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ისე სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას. მადლობას ვუხდით გორის №9 საჯარო სკოლის ეკოკლუბს საინტერესო ინიციატივისა და მასპინძლობისთვის!