,, ბუნების მცველებმა" სკოლის დარბაზი გაალამაზეს
დღეს, 2026 წლის 4 ნოემბერს, გაკვეთილების შემდეგ ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების მცველების“ წევრებმა სკოლის დარბაზის შეღებვის აქტივობა განახორციელეს. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში სკოლის გარემოს მიმართ ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება, ასევე სასწავლო სივრცის მოწესრიგება და გალამაზება. სკოლის დირექციამ ეკოკლუბს საღებავი და სხვა საჭირო რესურსები შეუძინა, რამაც აქტივობის ორგანიზებულად ჩატარების შესაძლებლობა შექმნა. პროცესში ოთხი ვაჟი მოსწავლე, ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი, დირექტორი და სკოლის დარაჯი ჩაერთო.
მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობდნენ, ინაწილებდნენ საქმეს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ზრუნავდნენ სამუშაო სივრცის სისუფთავეზე. ამ პროცესში მათ გამოავლინეს თანამშრომლობის უნარი, შემოქმედებითობა და ინიციატივა.
შედეგი: სკოლის დარბაზი განახლდა, უფრო ლამაზი, სუფთა და მყუდრო გახდა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად გააცნობიერეს, რომ სკოლა მათი საერთო სივრცეა და მის მოვლაზე ყველა პასუხისმგებელია.