ერთად სუფთა ეზოსა და სიკეთისთვის
გუშინ, 2026 წლის 4 ნოემბერს, გაკვეთილების შემდეგ, ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების მცველების“ წევრმა მოსწავლეებმა, სხვა მოსწავლეებთან ერთად, სოფლის ტაძრის ეზოს დასუფთავების აქტივობა ჩაატარეს. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში საზოგადოებრივი სივრცეებისადმი ზრუნვის, სოფლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისა და ადამიანებისთვის დახმარების სურვილის განვითარება. ბავშვებმა ტაძრის ეზოდან ნაგავი, ჩამოცვენილი ფოთლები და ზედმეტი ნარჩენები მოაგროვეს, შემდეგ კი ჩვენი სოფლის მამაოს სიმინდის გარჩევაში დაეხმარნენ. აქტივობას ხელმძღვანელობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი ჟუჟუნა გაგნიძე და ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი ქეთევან ციქუბაძე. პროცესში ჩაერთო 15 მოსწავლე.
მუშაობისას ბავშვები ინაწილებდნენ როლებს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ დავალებას. ამ პროცესში მათ გამოავლინეს თანამშრომლობის უნარი, ინიციატივა, სხვების მიმართ პატივისცემა.
შედეგი: ტაძრის ეზო გასუფთავდა და მოწესრიგდა, სიმინდის გარჩევის სამუშაოც უფრო სწრაფად შესრულდა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად გააცნობიერეს, რომ ერთობლივი შრომა, სხვისი დახმარება და გარემოზე ზრუნვა საერთო სიკეთის საფუძველია.