გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობასამეგრელო-ზემო სვანეთიმიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ ᲖᲣᲒᲓᲘᲓᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲯᲘᲮᲐᲨᲙᲐᲠᲘᲡ N1 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

,,კომპოსტი-მებაღის ოქრო”

ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებმა გასულ წელს დაწყებული გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება წელსაც გავაგრძელეთ. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გარემოზე, გავუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს და ყოველდღიური ქმედებებით შევიტანოთ წვლილი უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

ამჯერად სკოლის ეზოს დასუფთავებაზე ვიზრუნეთ. 2026 წლის 23 ოქტომბერს შევაგროვეთ ჩამოცვენილი ფოთლები და ისინი საკომპოსტე ნაკვეთზე გადავიტანეთ. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ნარჩენი შეიძლება უსარგებლოდ მოგვეჩვენოს, თუმცა ბუნებაში ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. ფოთლები დროთა განმავლობაში დაიშლება და ნაყოფიერ კომპოსტად გარდაიქმნება, რომელიც ნიადაგის გაუმჯობესებასა და მცენარეების ზრდას შეუწყობს ხელს.

აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გარემოზე ზრუნვა დიდი საქმეების დაწყებას არ მოითხოვს — ხშირად ცვლილებები სწორედ მცირე ნაბიჯებით იწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სკოლის ეზოს მოწესრიგება, არამედ თანატოლებისთვის მაგალითის მიცემა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გავრცელებაც.

ეკოკლუბ „მწვანეების“ სახელით კვლავ გავაგრძელებთ დაწყებულ საქმიანობას, რადგან გვჯერა, რომ ბუნებაზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ხოლო ყოველი გადადგმული ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ გვიახლოვებს.

აქტივობა 02

„მწვანე მომავალი ჩვენი ხელებით იწყება“

ეკოკლუბ „მწვანეების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გარემოსდაცვით საქმიანობაში სასკოლო საზოგადოების ჩართვა და გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება. ამ მიზნის მისაღწევად 22 ოქტომბერს მოვაწყვეთ სკოლის ეზოს გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკოკლუბის წევრები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში დავრგეთ ნეკერჩხლის ნერგები. აქტივობის მიზანი იყო სკოლის გარემოს გალამაზება, გამწვანება და მოსწავლეებში ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ნერგების დარგვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გარემოზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა და თითოეული ადამიანის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

აქტივობამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასკოლო საზოგადოების ერთიანობა და საერთო მიზნისთვის გაწეული ძალისხმევა.

მიგვაჩნია, რომ დარგული ნეკერჩხლის ნერგები მომავალში ჩვენი სკოლის ეზოს გაამწვანებს და გაალამაზებს. მომავალშიც გავაგრძელებთ გარემოსდაცვით ინიციატივებს, ვიზრუნებთ დარგული ნერგების მოვლასა და დაცვაზე, რადგან გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა პატარა ნაბიჯებით იწყება, რომელთა ერთობლიობაც დიდ ცვლილებებს ქმნის.

იტვირთება…