„მწვანე მომავალი ჩვენი ხელებით იწყება“
ეკოკლუბ „მწვანეების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გარემოსდაცვით საქმიანობაში სასკოლო საზოგადოების ჩართვა და გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება. ამ მიზნის მისაღწევად 22 ოქტომბერს მოვაწყვეთ სკოლის ეზოს გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკოკლუბის წევრები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში დავრგეთ ნეკერჩხლის ნერგები. აქტივობის მიზანი იყო სკოლის გარემოს გალამაზება, გამწვანება და მოსწავლეებში ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ნერგების დარგვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გარემოზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა და თითოეული ადამიანის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
აქტივობამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასკოლო საზოგადოების ერთიანობა და საერთო მიზნისთვის გაწეული ძალისხმევა.
მიგვაჩნია, რომ დარგული ნეკერჩხლის ნერგები მომავალში ჩვენი სკოლის ეზოს გაამწვანებს და გაალამაზებს. მომავალშიც გავაგრძელებთ გარემოსდაცვით ინიციატივებს, ვიზრუნებთ დარგული ნერგების მოვლასა და დაცვაზე, რადგან გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა პატარა ნაბიჯებით იწყება, რომელთა ერთობლიობაც დიდ ცვლილებებს ქმნის.