,,ბუნება ომის მსხვერპლი - დავიცვათ გარემო მშვიდობისთვის“
6 ნოემბერს, ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებმა ჩავატარეთ საინფორმაციო პრეზენტაცია თემაზე — „ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების გავლენა გარემოზე“. აღნიშნული თარიღი უკავშირდება ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს გარემოს ექსპლუატაციის თავიდან აცილების საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 6 ნოემბერს აღინიშნება.
პრეზენტაციის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა, თუ რამდენად მძიმე და ხანგრძლივი ზიანი შეიძლება მიაყენოს ომმა ბუნებასა და გარემოს. ვისაუბრეთ ტყეების განადგურებაზე, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ცხოველთა საბინადრო გარემოს დაზიანებასა და ბიომრავალფეროვნების შემცირებაზე. ყურადღება გავამახვილეთ იმაზეც, რომ ომის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები ხშირად წლების განმავლობაში რჩება და ბუნებას აღდგენისთვის დიდი დრო სჭირდება.
პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების პროცესმა საშუალება მოგვცა, გაგვეღრმავებინა ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებზე და გაგვეცნობიერებინა, რომ ომის შედეგები მხოლოდ ადამიანებს არ ეხება — მისი მსხვერპლი ხშირად ბუნებაც ხდება.
როგორც ეკოკლუბის წევრებმა, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი მშვიდობის მნიშვნელობასა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას. გვჯერა, რომ ბუნების დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, ხოლო მშვიდობიანი გარემო მდგრადი მომავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.