„მიგრაცია - გზა უკეთესი მომავლისკენ თუ ახალი გამოწვევებისკენ?“
ჯიხაშკარის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ წევრებმა 5 ნოემბერს ჩავატარეთ საინფორმაციო პრეზენტაცია თემაზე — „მიგრაცია“, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით კი მე-10 მიზანს — „შემცირებული უთანასწორობა“ უკავშირდება.
პრეზენტაციის მიზანი იყო მიგრაციის არსის, გამომწვევი მიზეზებისა და მისი თანმდევი შედეგების გაცნობა. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ მიგრაციის სხვადასხვა სახეზე, ადამიანების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზებზე, მათ შორის განათლების, დასაქმების, ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მიგრაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. განვიხილეთ, როგორ ქმნის მიგრაცია ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ამავდროულად რა სირთულეებს აწყდებიან ადამიანები უცხო გარემოში, მათ შორის ენობრივ ბარიერს, კულტურულ განსხვავებებსა და ადაპტაციის პრობლემებს.
პრეზენტაციამ დაგვანახა, რომ მიგრაცია მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება არ არის — ის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მთლიან საზოგადოებაზე.
ჩვენი მთავარი გზავნილია: ყველა ადამიანს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა და წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისათვის.