ხელნაკეთი ნივთების მომზადება ძველი ნივთებისგან
სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ გამონათების წევრები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნებზე მიმართულ აქტივობებზე მუშაობას.
ეკოკლუბის წევრებმა 26-29 ოქტომბრის ფარგლებში საქველმოქმედო ფესტივალისთვის შემოქმედებითი და ეკომეგობრული ნამუშევრები მოამზადეს.
მოსწავლეებმა ძველი მუყაოს, გამოყენებული ხელოვნური ვარდებისა და სხვადასხვა პლასტმასის ნივთებისგან მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები შექმნეს. მათ ერთი შეხედვით უსარგებლო მასალებს ახალი დანიშნულება შესძინეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ფანტაზიითა და მონდომებით ნარჩენებისგანაც შეიძლება საინტერესო და ლამაზი ნივთების დამზადება.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ნარჩენების ხელახალი გამოყენების (Reuse), რესურსების დაზოგვისა და მდგრადი მოხმარების კულტურის განვითარება.
მოსწავლეებმა პრაქტიკულად გაიაზრეს, რომ ნივთის გადაგდება ყოველთვის ერთადერთი გამოსავალი არ არის, ზოგჯერ მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება შეგვიძლია.