გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲘᲓᲘᲡᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 7 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ფილმის „ ხელშეუხებელნი“ ჩვენება

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა 2026 წლის 16 ოქტომბერს მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია მოაწყვეს, რომლის დროსაც მათ ცნობილ ფრანგულ მხატვრულ ფილმს — „ხელშეუხებლები“ (Intouchables) უყურეს. ფილმი მოგვითხრობს რეალურ ამბავზე დამყარებულ ისტორიას არისტოკრატ ფილიპსა და მის დამხმარე დრისს შორის, სადაც სრულიად განსხვავებული სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანების მეგობრობა იბადება. მიუხედავად ფიზიკური და სოციალური ბარიერებისა, ფილმი გვანახებს ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობისა და ადამიანური ღირსების ძალას. ფილმის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს თანასწორობაზე, სოციალურ ინკლუზიასა და იმ გარემოს მნიშვნელობაზე, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

აღნიშნული აქტივობა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე ძირითად მიზანს: მე-10 მიზანს (შემცირებული უთანასწორობა), რომელიც გვახსენებს სოციალური ბარიერების დაძლევისა და ინკლუზიის აუცილებლობას; მე-3 მიზანს ( ჯანმრთელობა და კეთილდღეობა), რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მხარდაჭერას; მე-11 მიზანს (მდგრადი ქალაქები და დასახლებები), რომელიც ხელმისაწვდომი და ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც მოსწავლეთა ემპათიასა და კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეხვედრები ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ სოციალური ეკოლოგიის საკითხები და დაიჯერონ, რომ მზრუნველობითა და თანადგომით შესაძლებელია უკეთესი საზოგადოების მშენებლობა.

აქტივობა 02

ფილმის ჩვენება : „ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია მოაწყვეს, რომლის დროსაც მათ ცნობილ ფილმს — „ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“ უყურეს. ფილმი მოგვითხრობს რეალურ ამბავს აფრიკელ ბიჭზე, რომლის სოფელშიც დიდი გვალვა და შიმშილობა დაიწყო. მიუხედავად სირთულეებისა, მან ძველი ნაწილებისგან ქარის წისქვილი ააგო, რითაც სოფელში წყალი ამოიყვანა და მოსავალი გადაარჩინა. ფილმის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილების პრობლემასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული შეხვედრა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე ძირითად მიზანს: მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), რომელიც გვახსენებს გარემოს დაცვის აუცილებლობას; მე-7 მიზანს (სუფთა ენერგია), რომელიც გვიჩვენებს ქარის ენერგიის გამოყენების უპირატესობას; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც ბავშვების კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეხვედრები ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ გარემოსდაცვითი საკითხები და დაიჯერონ, რომ პატარა ნაბიჯებითაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა.(ჩვენება გაიმართა 2026 წლის 16 ოქტომბერს)

აქტივობა 03

ფილმის ჩვენება : „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა მოსწავლეებისთვის ანიმაციური ფილმის — „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ — ჩვენება და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს. ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ყოველგვარი ჯილდოსა და აღიარების მოლოდინის გარეშე, ათწლეულების განმავლობაში მარტო რგავდა მუხის ნერგებს სრულიად უკაცრიელ, გამხმარ და უსიცოცხლო მიწაზე. მისმა მოთმინებამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო — უდაბნოდ ქცეული მხარე წლების შემდეგ მწვანე, აყვავებულ ტყედ და ცოცხალ გარემოდ იქცა, სადაც მდინარეებმაც კი დაიწყეს დინება. ფილმის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა ძალა აქვს ადამიანის თითოეულ კარგ საქმეს და რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების აღდგენაზე ზრუნვა.

აღნიშნული შეხვედრა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე ძირითად მიზანს: მე-15 მიზანს (დედამიწის ეკოსისტემები), რომელიც ტყეების დაცვასა და განახლებას უძღვნის; მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), რომელიც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ისტორიები საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პატარა ნაბიჯებითაც კი დიდი ცვლილებებისა და სიცოცხლის მოტანა გარემოსთვის.(ჩვენება გაიმართა 2026 წლის 23 ოქტომბერს)

აქტივობა 04

დაცული ბუნება – მდგრადი მომავალი

2026 წლის 26 - 27 სექტემბერს ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა სოფელ ბნავისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ტრენინგებს დაესწრნენ თემაზე — „დაცული ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“. შეხვედრებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მიმდებარე სოფლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდებმა დეტალურად განიხილეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა, IUCN-ის კატეგორიები და ადგილობრივი ბუნებრივი მემკვიდრეობა, განსაკუთრებული ყურადღება კი ტანის აღკვეთილსა და ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტზე გამახვილდა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი ლერი მეზვრიშვილი შეხვდა, რომელმაც რეინჯერის საქმიანობა გააცნო და პრაქტიკული უნარები — კარვის გაშლა-დაშლა და ტყეში უსაფრთხოების წესები — ასწავლა. გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენელ თიკა თანდიაშვილთან ერთად, მოსწავლეებმა პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის პრაქტიკული სესიებიც გაიარეს.

აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერითა და „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროექტის — DALIA Rivers Revived — ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიება პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების ძირითად მიზნებს: მე-15 მიზანს (დედამიწის ეკოსისტემები), რომელიც ბუნებრივი ჰაბიტატებისა და დაცული ტერიტორიების შენარჩუნებას ემსახურება; მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც მოსწავლეებს პრაქტიკულ და გარემოსდაცვით ცოდნას აძლევს; და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად), რომელიც თემების, სკოლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას უჭერს მხარს.

აქტივობა 05

ფინანსური განათლების ხელშეწყობა საზღვრისპირა სოფლებში — „EKOteens“-ის ახალი ინიციატივა!

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და პედაგოგ ეთერ ლუკაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა სოფლების სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ტრენინგების ციკლი დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების, პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების განვითარება. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან პირადი ბიუჯეტისა და ფინანსების მართვის, დაზოგვის, რესურსების სწორი დაგეგმვისა და უსაფრთხო ფინანსური ქცევის ძირითად პრინციპებს.

აღნიშნული საგანმანათლებლო ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე საკვანძო მიზანს: მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნასა და ცხოვრებისეული უნარების განვითარებას; მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა), რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას; და მე-10 მიზანს (შემცირებული უთანასწორობა), რომელიც საზღვრისპირა თემებში მცხოვრები მოსწავლეების შესაძლებლობების გაზრდასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს სჯერათ, რომ დღეს გაზიარებული ცოდნა ხვალ მოსწავლეთა მხრიდან დამოუკიდებელი, გააზრებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მყარი საფუძველი გახდება.(შეხვედრა გაიმართა 2026 წლის 08 ოქტომბერს)

აქტივობა 06

ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრები „ტანა-თეძმობის“ დღესასწაულზე!

2026 წლის 11 ოქტომბერს ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის მოსწავლეები „ტანა-თეძმობის“ სახალხო დღესასწაულს ესტუმრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაცნობოდნენ მშობლიური კუთხის კულტურულ ტრადიციებს, ისტორიასა და მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობას. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, კულტურული თვითშეგნებისა და მშობლიური მხარისადმი სიყვარულის გაღრმავებას.

აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს: მე-11 მიზანს (მდგრადი ქალაქები და დასახლებები), რომელიც ითვალისწინებს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას; მე-15 მიზანს (დედამიწის ეკოსისტემები), რომელიც ადგილობრივი ბუნების მოვლასა და ბიომრავალფეროვნების დაფასებას უსვამს ხაზს; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც ხელს უწყობს არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას.

ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრები კიდევ ერთხელ გვახსენებენ: „ვუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს, ვაფასებდეთ ჩვენს წარსულს, ვიზრუნოთ გარემოზე და ერთად შევქმნათ უკეთესი და მდგრადი მომავალი!“

აქტივობა 07

პროექტი „ნარჩენებიდან ხელოვნებამდე“ ეკოჯილდოების გამარჯვებულია!

გვინდა გაგიზიაროთ, რომ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის პროექტი — „ნარჩენებიდან ხელოვნებამდე: სკოლა და თემი გარემოს სადარაჯოზე“ — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ეკოჯილდოების კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა! 2026 წლის 15 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სასკოლო ფორუმზე — „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენიდან რესურსამდე“ — ეკოკლუბის წევრებმა წარმატებით წარადგინეს პრეოქტი; (განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებელსა და პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მიმოზა ღოლიჯაშვილს). პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი აქტივობები: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად (AI და მწვანე მომავალი); შესაფუთი ნარჩენებისგან თეატრალური პერსონაჟების შექმნა და ძველი ნივთებისა თუ წიგნების რესტავრაცია (ეკო-თეატრი და დეკუპაჟი); სკოლაში სპეციალური ფერადი ურნებისა და კონტეინერების განთავსება პლასტმასის, ქაღალდის, ბატარეებისა და მცირე ელექტრონიკის შესაგროვებლად (სპეციალური სეპარირება); ასევე, მშობლებისა და სოფელ ხიდისთავში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აქტიური ინტეგრაცია (თემის ჩართულობა). აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს: მე-12 მიზანს (მდგრადი მოხმარება და წარმოება), მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება) და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად). ერთად უკეთესი და მწვანე მომავლისთვის!

იტვირთება…