გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #3

ᲡᲡᲘᲞ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲘᲓᲘᲡᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ფილმის „ ხელშეუხებელნი“ ჩვენება

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა 2026 წლის 16 ოქტომბერს მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია მოაწყვეს, რომლის დროსაც მათ ცნობილ ფრანგულ მხატვრულ ფილმს — „ხელშეუხებლები“ (Intouchables) უყურეს. ფილმი მოგვითხრობს რეალურ ამბავზე დამყარებულ ისტორიას არისტოკრატ ფილიპსა და მის დამხმარე დრისს შორის, სადაც სრულიად განსხვავებული სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანების მეგობრობა იბადება. მიუხედავად ფიზიკური და სოციალური ბარიერებისა, ფილმი გვანახებს ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობისა და ადამიანური ღირსების ძალას. ფილმის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს თანასწორობაზე, სოციალურ ინკლუზიასა და იმ გარემოს მნიშვნელობაზე, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

აღნიშნული აქტივობა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე ძირითად მიზანს: მე-10 მიზანს (შემცირებული უთანასწორობა), რომელიც გვახსენებს სოციალური ბარიერების დაძლევისა და ინკლუზიის აუცილებლობას; მე-3 მიზანს ( ჯანმრთელობა და კეთილდღეობა), რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მხარდაჭერას; მე-11 მიზანს (მდგრადი ქალაქები და დასახლებები), რომელიც ხელმისაწვდომი და ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც მოსწავლეთა ემპათიასა და კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეხვედრები ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ სოციალური ეკოლოგიის საკითხები და დაიჯერონ, რომ მზრუნველობითა და თანადგომით შესაძლებელია უკეთესი საზოგადოების მშენებლობა.

აქტივობა 02

ტრენინგი წითელ ჯვარში

01 ოქტომბერს, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის, სსიპ გორის #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დელტას“ წევრი მოსწავლეების და გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბელების მონაწილეობით, გორში, წითელი ჯვრის ოფისში საინტერესო ტრენინგი გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა მნიშვნელოვან თემას — შაქრიანი დიაბეტი და მისი პრევენციის გზები.

შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და დაავადების თავიდან აცილების პრევენციული ზომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორი კვების, ფიზიკური აქტივობისა და პრევენციული გამოკვლევების როლს.

ეკოკლუბელები აქტიურად აგრძელებენ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებში მონაწილეობას, რაც მათ ეხმარებათ ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობასთან ერთად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებაში.

აქტივობა 03

ეკოკლუბი „EKOteens“ პირველადი დახმარების ჩემპიონატზე!

2 ოქტომბერს, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის, გორის #11 საჯარო სკოლის და გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ პირველადი დახმარების ჩემპიონატში.

მოსწავლეებმა, როგორც მოხალისეებმა, გაიარეს პირველადი დახმარების საბაზისო უნარების ტრენინგი და აქტიურად ჩაერთნენ რეალისტური სიტუაციების სიმულაციებში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად გამოეცადათ მიღებული ცოდნა, ემუშავათ გუნდურად და გაცნობოდნენ გადაუდებელ სიტუაციებში სწორად მოქმედების მნიშვნელოვან წესებს.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო არა მხოლოდ საინტერესო გამოცდილება, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის, ურთიერთდახმარებისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისთვის. ეკოკლუბელებს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება საჭირო დროს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში.

იტვირთება…