გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #13

ᲡᲡᲘᲞ ᲒᲝᲠᲘᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲝᲤᲔᲚ ᲮᲘᲓᲘᲡᲗᲐᲕᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

კლიმატის მდგრადობის მიღწევა — 3 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ფილმის ჩვენება : „ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება და დისკუსია მოაწყვეს, რომლის დროსაც მათ ცნობილ ფილმს — „ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“ უყურეს. ფილმი მოგვითხრობს რეალურ ამბავს აფრიკელ ბიჭზე, რომლის სოფელშიც დიდი გვალვა და შიმშილობა დაიწყო. მიუხედავად სირთულეებისა, მან ძველი ნაწილებისგან ქარის წისქვილი ააგო, რითაც სოფელში წყალი ამოიყვანა და მოსავალი გადაარჩინა. ფილმის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილების პრობლემასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული შეხვედრა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე ძირითად მიზანს: მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), რომელიც გვახსენებს გარემოს დაცვის აუცილებლობას; მე-7 მიზანს (სუფთა ენერგია), რომელიც გვიჩვენებს ქარის ენერგიის გამოყენების უპირატესობას; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც ბავშვების კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეხვედრები ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ გარემოსდაცვითი საკითხები და დაიჯერონ, რომ პატარა ნაბიჯებითაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა.(ჩვენება გაიმართა 2026 წლის 16 ოქტომბერს)

აქტივობა 02

ფილმის ჩვენება : „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“

ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებმა მოსწავლეებისთვის ანიმაციური ფილმის — „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ — ჩვენება და საინტერესო დისკუსია მოაწყვეს. ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ყოველგვარი ჯილდოსა და აღიარების მოლოდინის გარეშე, ათწლეულების განმავლობაში მარტო რგავდა მუხის ნერგებს სრულიად უკაცრიელ, გამხმარ და უსიცოცხლო მიწაზე. მისმა მოთმინებამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო — უდაბნოდ ქცეული მხარე წლების შემდეგ მწვანე, აყვავებულ ტყედ და ცოცხალ გარემოდ იქცა, სადაც მდინარეებმაც კი დაიწყეს დინება. ფილმის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა ძალა აქვს ადამიანის თითოეულ კარგ საქმეს და რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების აღდგენაზე ზრუნვა.

აღნიშნული შეხვედრა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების რამდენიმე ძირითად მიზანს: მე-15 მიზანს (დედამიწის ეკოსისტემები), რომელიც ტყეების დაცვასა და განახლებას უძღვნის; მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), რომელიც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს; და მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ეკოკლუბ „EKOteens“-ის წევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ისტორიები საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პატარა ნაბიჯებითაც კი დიდი ცვლილებებისა და სიცოცხლის მოტანა გარემოსთვის.(ჩვენება გაიმართა 2026 წლის 23 ოქტომბერს)

აქტივობა 03

პროექტი „ნარჩენებიდან ხელოვნებამდე“ ეკოჯილდოების გამარჯვებულია!

გვინდა გაგიზიაროთ, რომ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „EKOteens“-ის პროექტი — „ნარჩენებიდან ხელოვნებამდე: სკოლა და თემი გარემოს სადარაჯოზე“ — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ეკოჯილდოების კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს შორის დასახელდა! 2026 წლის 15 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სასკოლო ფორუმზე — „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენიდან რესურსამდე“ — ეკოკლუბის წევრებმა წარმატებით წარადგინეს პრეოქტი; (განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის მასწავლებელსა და პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ მიმოზა ღოლიჯაშვილს). პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი აქტივობები: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად (AI და მწვანე მომავალი); შესაფუთი ნარჩენებისგან თეატრალური პერსონაჟების შექმნა და ძველი ნივთებისა თუ წიგნების რესტავრაცია (ეკო-თეატრი და დეკუპაჟი); სკოლაში სპეციალური ფერადი ურნებისა და კონტეინერების განთავსება პლასტმასის, ქაღალდის, ბატარეებისა და მცირე ელექტრონიკის შესაგროვებლად (სპეციალური სეპარირება); ასევე, მშობლებისა და სოფელ ხიდისთავში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აქტიური ინტეგრაცია (თემის ჩართულობა). აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს: მე-12 მიზანს (მდგრადი მოხმარება და წარმოება), მე-13 მიზანს (კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა), მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება) და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მიზნების მისაღწევად). ერთად უკეთესი და მწვანე მომავლისთვის!

იტვირთება…