გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაშიდა ქართლიმიზანი #4

ᲡᲡᲘᲞ Ქ. ᲒᲝᲠᲘ N12 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ხარისხიანი განათლება — 9 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ტოლერანტობა.

ტოლერანტობა — ერთმანეთის პატივისცემა და მიმღებლობა!

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და მოსწავლეებმა 13 ნოემბერს ტოლერანტობის თემაზე საინტერესო და შემოქმედებითი პოსტერები მოამზადეს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულებები და შეხედულებები გამოხატეს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, მრავალფეროვნებისა და განსხვავებული აზრის მიმღებლობის შესახებ. ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებებს, სოლიდარობასა და ურთიერთთანადგომას. მოსწავლეებმა პოსტერები სასკოლო საზოგადოების წინაშე გამოფენის სახით წარადგინეს, რათა სკოლის სხვა მოსწავლეებსა და სტუმრებსაც ჰქონოდათ მათი დათვალიერების შესაძლებლობა. პოსტერების შექმნით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებიც მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების საფუძველია. ეკოკლუბის წევრებს სჯერათ, რომ განსხვავებულობა გვაძლიერებს, პატივისცემა კი გვაერთიანებს! მათი მთავარი გზავნილია: ვიყოთ ტოლერანტულები, მივიღოთ, გავუგოთ და დავაფასოთ ერთმანეთი!

ყველა ფოტო (8)
აქტივობა 02

ნარჩენების მართვა.

♻️ პატარა ნაბიჯები — დიდი ცვლილებებისთვის!

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა ეკოკლუბის წევრების და პედაგოგის დახმარებით ისაუბრეს გარემოს დაცვის, ნარჩენების შემცირებისა და მათი სწორად დახარისხების მნიშვნელობაზე. პრაქტიკული აქტივობის ფარგლებში თავად მოსწავლეები ჩაერთვნენ და გაითამაშეს სიმულაცია რითიც გაეცნენ ნარჩენების სეპარირების წესებს და შეისწავლეს სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების გამოყენება. მოსწავლეებმა თავადაც მიიღეს მონაწილეობა პლასტმასის, ქაღალდისა, შუშის და სხვა ნარჩენების დახარისხებაში, რითაც კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. პატარა ეკოკლუბელებს მრავალი კითხვა გაუჩნდათ, თუ რატომ არ არის ჩვენს რეგიონში სხვადასხვა ფერის ურნები. გვჯერა, რომ ეკოლოგიურად პასუხისმგებელი თაობა უკეთესი მომავლის საწინდარია! დავიცვათ გარემო დღეს, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!

აქტივობა 03

არა სიღარიბეს!

9 ნოემბერს ქ. გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ეკოკლუბის წევრებმა გამართეს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა მდგრადი განვითარების მიზნები იყო. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების პირველ მიზანს – „არა სიღარიბეს“. მონაწილეებმა ისაუბრეს სიღარიბის გამომწვევ მიზეზებზე, მის შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე. განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოების მხარდაჭერა. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს სოლიდარობის, თანასწორობისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე. შეხვედრამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის განვითარებას. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ სიღარიბის დაძლევა ყველას საერთო პასუხისმგებლობაა და უკეთესი მომავლის შექმნა თითოეული ჩვენგანის ჩართულობით იწყება. ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ კვირას შუერთდებიან მნიშვნელოვან აქციას, „ჩააცვი ხეებს“ — სიკეთე, რომელიც გვაერთიანებს, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების პირველ მიზანს, „არა სიღარიბეს“, ეხმიანება. კლუბის წევრებმა სკოლაში შეაგროვეს თბილი ტანსაცმელი,რომელსაც 15 ნოემბერს გორის თეატრის სკვერში მიიტანენ.

აქტივობა 04

საქართველოს ყურძნის ჯიშები

სსიპ ქ. გორის N 12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის აქტივობა – საქართველოს ყურძნის ჯიშები

ეკოკლუბმა დაგეგმა და განახორციელა საშემოდგომო აქტივობა ყურძნის ჯიშები. აქტივობის ფარგლებში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა საქართველოს ყურძნის ჯიშების შესახებ. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც თანატოლებს გააცნეს საქართველოში გავრცელებული ვაზის მრავალფეროვანი ჯიშები, მათი თავისებურებები და მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ ცნობილ ჯიშებს, როგორებიცაა რქაწითელი, საფერავი, ქისი, კახური მწვანე, ცოლიკოური და ალექსანდროული. მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს ინფორმაცია ყურძნის გამოყენების, ვაზის მოვლისა და მევენახეობის უძველესი ტრადიციების შესახებ. აქტივობის ფარგლებში მათ საკუთარი ხელით დაამზადეს თემატური ბუკლეტები, რომლებშიც განათავსეს ყურძნის ჯიშების ამსახველი ნახატები და საინტერესო ცნობები. აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და კვლევითი ინტერესის განვითარებას. აქტივობაში 21 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.

ყველა ფოტო (8)
აქტივობა 05

სიცოცხლის მრავალფეროვნება, საქართველოს წითელი ნუსხა.

სსიპ ქ. გორის N 12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის საინტერესო აქტივობაში 18 მოსწავლე ჩაერთო, რომელიც სიცოცხლის მრავალფეროვნებას ეხებოდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებაზე, მცენარეებისა და ცხოველების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უნიკალურ ბუნებას, იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. მონაწილეებმა ისწავლეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების დაცვა და რა საფრთხეებს უქმნის მას გარემოს დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა და ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებები, აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიყენეს ელექტრონული რესურსები, გაეცნენ საინტერესო ფაქტებსა და ილუსტრაციებს. შეხვედრის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ თითოეული ცოცხალი ორგანიზმი მნიშვნელოვანია ეკოსისტემის წონასწორობისთვის და ბუნების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ასევე პრეზენტაციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფასკუნჯს, რომელიც საქართველოს ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ფრინველია. მოსწავლეებმა ისაუბრეს მის გარეგნულ თავისებურებებზე, ცხოვრების წესზე, გავრცელების არეალსა და ბუნებაში მის მნიშვნელობაზე. განიხილეს ის საფრთხეები, რომლებიც ფასკუნჯის არსებობას ემუქრება, მათ შორის გარემოს დაბინძურება, საბინადრო ადგილების შემცირება და ადამიანის უარყოფითი ზემოქმედება. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია იშვიათი სახეობების დაცვა და მათი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების გაცნობა და ბუნების დაცვის პასუხისმგებლობის გაძლიერება. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თითოეული სახეობის გადარჩენა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

აქტივობა 06

ქართული ფუტკარი.

2 ნოემბერს გორის მე-12 საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ქართული ფუტკრის სახეობის შესახებ.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო მასალა, მოიძიეს ინფორმაცია ქართული ფუტკრის წარმოშობის, თავისებურებებისა და მნიშვნელობის შესახებ. შემდეგ ეკოკლუბის წევრმა აუდიტორიას წარუდგინა მომზადებული პრეზენტაცია, პრეზენტაციის ფარგლებში კლუბის ლიდერმა ისაუბრა ქართული ფუტკრის გამორჩეულ თვისებებზე, მის როლზე დამტვერვის პროცესში, თაფლის წარმოებასა და ბუნებრივი ეკოსისტემის შენარჩუნებაში. ასევე ყურადღება გაამახვილა ფუტკრის დაცვის აუცილებლობაზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს ფუტკრის მნიშვნელობასა და მათი დაცვის გზებზე. შეხვედრა დასრულდა დასკვნითი შეჯამებით, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ფუტკრისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას, ასევე ენდემური სახეობების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

აქტივობა 07

უსაფრთხოება ცოდნით იწყება!

უსაფრთხოება ცოდნით იწყება! 31 ოქტომბერს სკოლის დირექტორის,ბატონ ნოდარ იარღანაშვილის ინიციატივით, სკოლის თვითმართველობის და ეკოკლუბის ჩართულობით სკოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებისა და მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა და პრაქტიკული სწავლება. მოსწავლეებმა და სკოლის თანამშრომლებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხანძრის დროს უსაფრთხო ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირების შესახებ. თეორიულ ნაწილს მოჰყვა პრაქტიკული აქტივობა -სკოლაში მოეწყო სიმულაციური სახანძრო განგაში, რომლის დროსაც მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოსცადეს მიღებული ცოდნა. დღე ძალიან საინტერესო, აქტიური და შემეცნებითი აღმოჩნდა!

უსაფრთხო სკოლა - ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა!

უნდა აღინიშნოს,რომ ეკოკლუბი ეკომეგობრები უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ქ.გორის საგანგებო სიტვაციების ადგილობრივი მართვის სამსახურთან, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკი შემცირება სწორედ ცოდნით და პრაქტიკული გამიცდილებით შეიძლება.

( იხ. ვიდეო )

https://www.facebook.com/share/v/1Er2EdBNAQ/

აქტივობა 08

ეკოკლუბის სამუშაო შეხვედრა.

30 ოქტომბერს სსიპ ქ. გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ეკომეგობრების ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი ნიკო კეცხოველის პრემიის,ახალი საკონკურსო წლის გზამკვლევის განხილვა იყო. კლუბის წევრებმა, ხელმძღვანელმა და სკოლის თვითმართველობის წევრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ახალ საკონკურსო წელთან დაკავშირებით, გზამკვლევის განხილვის დროს ყურადღება გამახვილდა წლევანდელი წლის მთავარ მიზანზე,რომელიც ტყეებს, სახეობებს და ქალაქების მდგრად მართვას ეხება. ჩვენი ტყეები, ხეობები, მდინარეები, მთები და მათში გავრცელებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობები უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს ქმნის. ეს სიმდიდრე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგანძურია, არამედ საერთო პასუხისმგებლობაც, რომ ის მომავალი თაობებისთვის შევინარჩუნოთ. ასევე ახალ წევრებს გავაცანით კონკურის მნიშვნელობა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, თუ რამდენად მნიშვბელოვანია,აქტიურობა და ჩართულობა. დაიგეგმა სამომავლო განსახორციელებელი აქტივობები. პირველი აქტივობა სასკოლო საზოგადოებაში კონკურსის მიზნების და შინაარსის გაცნობაა, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ქონდეს ინფორმაცია.

აქტივობა 09

ვიზიტი ჟინვალის წყალსაცავზე.

წყალი სიცოცხლეა, ხოლო მისი სისუფთავე — ჩვენი მომავალი“

გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოკლუბი ეკომეგობრები აქტიურად არის ჩართული მასშტაბური და უაღრესად მნიშვნელოვან პროექტის — „სუფთა წყალი და სანიტარია“ განხორციელებაში, რომელიც სტარტს 2026 წლის ივნისში იღებს.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, ბუნებასთან უშუალო კონტაქტისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, 2026 წლის 27 სექტემბერს პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ეკო-აქტივისტები გაემგზავრნენ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და წყლის რესურსებით მდიდარი კუთხის დასათვალიერებლად.

მოსწავლეებმა მოინახულეს:

ანანურის ისტორიული კომპლექსი — სადაც წარსულის დიდებულება და ბუნების სილამაზე ერთმანეთს ერწყმის;

ბაზალეთის ტბა — საინტერესო ეკოსისტემითა და ლეგენდებით მოცული ბუნებრივი წყალსატევი;

ჟინვალის წყალსაცავი — რეგიონის უმნიშვნელოვანესი წყლის არტერია და ენერგორესურსი.

ეს გასვლა ჩვენი ეკოკლუბის წევრებისთვის არ ყოფილა მხოლოდ შთამბეჭდავი მოგზაურობა — ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ წყლის რესურსების მნიშვნელობა, ეფიქრათ მათ მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

ეკოკლუბი ეკომეგობრები და პარტნიორი სკოლები კვლავაც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად!

იტვირთება…