გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაგურიამიზანი #17

ᲓᲐᲑᲐ ᲚᲐᲘᲗᲣᲠᲘᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ახალი ენერგია, ახალი გუნდი და დიდი მიზნები - „მწვანე თაობა“ ბრუნდება!

სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ეკოკლუბი „მწვანე თაობა“ 2026–2027 საკონკურსო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება! კლუბის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წევრთა განახლების პროცესია, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გასაუბრებები და შეირჩნენ ახალი წევრები. შერჩევისას ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა მოტივაციას, გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ინტერესს, გუნდური მუშაობის უნარსა და ინიციატივების განხორციელების მზაობას.

მოტივირებული თაობა მოდის! ახალი წევრები, ახალი ლიდერი და განსხვავებული იდეები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც წელს ჩვენი საქმიანობა აშენდება. განახლებულ გუნდთან ერთად უკვე ვემზადებით სამომავლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, რათა გარემოსდაცვითი ინიციატივები მხოლოდ იდეებად არ დარჩეს და რეალურ ცვლილებებში გადაიზარდოს.

წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი წელი გველოდება! გვინდა, 2026–2027 წელი ახალი შესაძლებლობების, გამორჩეული პროექტების, საინტერესო გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების წლად ვაქციოთ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ გარემოსდაცვითი ცნობიერება, გავაძლიეროთ ეკოკულტურა და მეტი ადამიანი გავაერთიანოთ ბუნების დაცვის საერთო მისიის გარშემო.

ბევრი სიახლით ვბრუნდებით - მეტი იდეით, მეტი ენერგიითა და კიდევ უფრო დიდი მიზნებით! გვჯერა, რომ გუნდურობით, პასუხისმგებლობითა და მოქმედების სურვილით წელს არაერთი მიზნის განხორციელებას შევძლებთ. წინ ახალი თავგადასავლებია! თვალი ადევნეთ „მწვანე თაობას“ - ჩვენი ეკოისტორია გრძელდება და ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის!

აქტივობა 02

მხარდაჭერა მოქმედებაში: „ვარდისფერი ოქტომბრის“ კვირეული დაბა ლაითურში

24-30 ოქტომბერს დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ვარდისფერი ოქტომბრის“ მასშტაბური კვირეულით სასკოლო თემი საერთო სოლიდარობის ირგვლივ გააერთიანა.

მთავარი მიზანი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე ცნობიერების ამაღლება იყო. საინფორმაციო პრეზენტაციისა და ცოცხალი დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეებმა მთავარი სლოგანები ბარათებზე გადაიტანეს და კედელზე სიმბოლური ვარდისფერი ლენტის ინსტალაცია შექმნეს. შეიქმნა პოსტერი „ცოდნა შიშის ნაცვლად!“, სადაც მოსწავლეებმა თანადგომის ნიშნად ვარდისფერი საღებავით ხელის ანაბეჭდები დატოვეს.

მთელი კვირა სკოლაში ხელნაკეთ ვარდისფერ ლენტებს ატარებდნენ, კამპანიის მთავარი გზავნილები კი კლუბის სოციალურ ქსელში ატვირთული საინფორმაციო ვიდეოთი (https://www.facebook.com/share/r/195S93AFzE/)ფართო საზოგადოებასაც გაუზიარეს.

კვირეულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეებსა და თემში სამედიცინო ცნობიერების ამაღლებას, სტიგმების დაძლევას, ემპათიის გაღვივებასა და სასკოლო საზოგადოების გაერთიანებას ჯანსაღი ცხოვრებისა და ურთიერთმხარდაჭერის იდეის გარშემო.

ყველა ფოტო (8)
იტვირთება…