ერთი დღე მეცნიერის როლში: ლაბორატორია, სადაც სახეობებს იცავენ
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ეკოკლუბის 7 წევრი ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ლაბორატორიებს ეწვია. მეცნიერებმა გვაჩვენეს, როგორ სწავლობენ რეგიონის მცენარეულ სახეობებს, მცენარეთა დაავადებებსა და მავნებლებს. ისიც აგვიხსნეს, რატომ ემუქრება ეს საფრთხეები როგორც ტყეებსა და ბუნებრივ ეკოსისტემებს, ისე სოფლის მეურნეობას. მოსწავლეებმა ლაბორატორიული აღჭურვილობა ვნახეთ, მიკროსკოპით ნიმუშებს დავაკვირდით და გავიგეთ, როგორ ხდება დაავადების გამომწვევის იდენტიფიკაცია. ისიც შევიტყვეთ, როგორ ინახება ჰერბარიუმში და კოლექციებში ის ცოდნა, რომელიც სახეობების დასაცავად გამოიყენება. ჩვენ მკვლევრებს კითხვები დავუსვით მიმდინარე პროექტებსა და სამეცნიერო პროფესიებზე. რა შეიცვალა: ჩვენ პირველად ვიმუშავეთ რეალურ სამეცნიერო გარემოში და დავინახეთ, როგორ გამოიყენება ბიოლოგიის ცოდნა ბუნების დასაცავად. ინსტიტუტთან თანამშრომლობა დაიწყო და ეკოკლუბის შემდგომი აქტივობები (სოკოების იდენტიფიკაცია) სწორედ ამ თანამშრომლობას დაეფუძნა. რამდენიმე მოსწავლემ ბიოლოგიისა და აგრარული მეცნიერებების შესწავლის სურვილი გამოთქვა.