გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამიზანი #11

ᲡᲡᲘᲞ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲥᲝᲑᲣᲚᲔᲗᲘᲡ N5 ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲙᲝᲚᲐ

ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება — 2 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

ბინოკლით ბუნებრივი მემკვიდრეობისკენ: ფრინველებზე დაკვირვება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ეკოკლუბის 5 წევრი და სკოლის სხვა მოსწავლეები ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე გამართულ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალში იყვნენ ჩართული. ქობულეთის ჭაობები და სანაპირო ზოლი ჩვენი რეგიონის ბუნებრივი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია და ფრინველების მიგრაციის მნიშვნელოვან მარშრუტზე მდებარეობს. სპეციალისტების ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ბინოკლებით დააკვირდნენ ფრინველებს. ისწავლეს სახეობების ამოცნობა გარეგნობითა და ქცევით და დაკვირვების შედეგების ჩაწერა. სულ 5 სახეობა დააფიქსირეს. მოსწავლეები გაეცნენ, როგორ იცავს დაცული ტერიტორია ჰაბიტატს. ისიც გაიგეს, რა საფრთხეს უქმნის ფრინველებს ჭაობების დაშრობა, დაბინძურება, ბრაკონიერობა და კლიმატის ცვლილება. რა შეიცვალა: მოსწავლეებმა საველე კვლევის პირველი პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს და გააცნობიერეს, რომ დაცული ტერიტორიები ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა, რომლის შენარჩუნებაც ყველას პასუხისმგებლობაა. ფესტივალის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ფრინველებზე დაკვირვება ეკოკლუბის რეგულარულ საქმიანობად ვაქციოთ და ვგეგმავთ საგაზაფხულო დაკვირვებებს.

აქტივობა 02

„მუზეუმი – მემკვიდრეობის მცველი: ეკოკლუბების ხელმძღვანელების შეხვედრა რელიგიის მუზეუმში“

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩვენი ეკოკლუბის ხელმძღვანელიმა და კლუბის ლიდერმა სხვა სკოლის ეკოკლუბების ხელმძღვანელებთან ერთად რელიგიის მუზეუმი მოინახულა. ვიზიტის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და იმის დაგეგმვა, როგორ ჩავრთოთ მუზეუმი ეკოკლუბების საქმიანობაში. მუზეუმში გაეცნენ ექსპოზიციას და იმსჯელეს, როგორ აისახება ბუნება ჩვენს რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებში: წმინდა ხეები, მცენარეები და ცხოველები ხატწერაში, ხელნაწერებსა და ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ასე ნათლად გამოჩნდა, რომ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. შეხვედრაზე გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს. შევთანხმდით, რომ მოსწავლეებისთვის მუზეუმში ერთობლივ თემატურ ვიზიტებს მოვაწყობთ მუზეუმის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის ლექტორების ჩართულობით. რა შეიცვალა: სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბებს შორის თანამშრომლობა დაიწყო, მუზეუმი კი პარტნიორი გახდა. ახლა მასთან ერთად ინტერდისციპლინურ აქტივობებს ვგეგმავთ, რომლებიც ბუნებისმეტყველებას ისტორიასა და კულტურასთან აკავშირებს.

იტვირთება…