ფოტომანიპულაციის ამოცნობა — ნასწავლი ცოდნის პრაქტიკული გამოცდა“
წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „დედამიწელები“ ხელმძღვანელმა, სოფიო ქუხილავამ, მოსწავლეებისთვის ჩაატარა ინტერაქტიული პრეზენტაცია თემაზე „ფოტომანიპულაციის ამოცნობა“, რომლის მიზანი იყო მედიაწიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
აქტივობის ფარგლებში მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა — რეალური ფოტოები, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებები და ციფრულად დამუშავებული ფოტოები. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ, რომელი გამოსახულება იყო ნამდვილი, რომელი — ხელოვნური ინტელექტით შექმნილი და რომელი — ფოტომანიპულაციის შედეგი.
თითოეული ფოტოს განხილვისას მოსწავლეები გამოთქვამდნენ ვარაუდებს, აკვირდებოდნენ ვიზუალურ დეტალებს და არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ საკუთარ მოსაზრებებს. პასუხების გამოვლენის შემდეგ მასწავლებელი აცნობდა გამოსახულებების წარმომავლობას და განმარტავდა, რატომ არ არის მხოლოდ ვიზუალური ნიშნები საკმარისი ინფორმაციის სანდოობის დასადგენად.
აქტივობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, პრაქტიკულად გამოეცადათ დეზინფორმაციის ამოცნობისა და ვიზუალური ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციის პირველწყაროს მოძიებისა და გადამოწმების მნიშვნელობას.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში მედიაწიგნიერების, დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ინფორმაციის გადამოწმების უნარების განვითარება. აქტივობამ ხელი შეუწყო იმის გაცნობიერებასაც, რომ ციფრულ ეპოქაში რეალისტური გამოსახულება ყოველთვის რეალურ მოვლენას არ ასახავს და ინფორმაციის სანდოობა მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებით არ უნდა შეფასდეს.
აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს — ხარისხიან განათლებას და მე-16 მიზანს — მშვიდობას, სამართლიანობასა და ძლიერ ინსტიტუტებს, სანდო ინფორმაციაზე წვდომისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით.