კამპანია სკოლის მშენებლობის დასრულების მოთხოვნით
სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრებმა, მშობლებთან ერთად, სკოლის მშენებლობის გაჭიანურებული პროცესის პრობლემის მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანია წამოიწყეს.
ნიკო კეცხოველის ქუჩაზე მდებარე №11 საჯარო სკოლის შენობას დემონტაჟი შვიდი წლის წინ ჩაუტარდა. მას შემდეგ ახალი შენობის მშენებლობის პროცესი წლებია გრძელდება, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა და შენობის ძირითადი კონსტრუქციაც კი სრულად არ არის აშენებული.
არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე მათ მშობლებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებს ყოველდღიურად უწევთ ტრანსპორტით სხვა დასახლებაში მდებარე სკოლაში გადაადგილება, რაც დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, მათ არ აქვთ სრულყოფილი სასწავლო გარემო, ვერ სარგებლობენ სათანადო ლაბორატორიებით, არ აქვთ არაფორმალური განათლებისთვის საჭირო სივრცეები, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებას შეძლებდნენ. განსაკუთრებით პრობლემურია სწავლების მესამე ცვლაში ორგანიზება, რის გამოც მოსწავლეებს შინ დაბრუნება გვიან ღამით უწევთ.
პრობლემის აქტუალიზაციისა და შესაბამისი უწყებების ყურადღების მისაპყრობად ეკოკლუბ „დელტას“ წევრებმა მშობლებთან ერთად აქტიური კამპანია დაიწყეს. მათ მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ მედიასაშუალებებს, გაასაჯაროეს არსებული მდგომარეობა და მოითხოვეს შეხვედრა საქართველოს განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან.
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, 28 ოქტომბერს, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ განმარტეს მშენებლობის გაჭიანურების მიზეზები და აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას მშენებლობის განახლებისა და დასრულების ვადებთან დაკავშირებით.
ეკოკლუბ „დელტას“ წევრებისთვის აღნიშნული კამპანია მნიშვნელოვანი სამოქალაქო გამოცდილებაა. მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი უფლებების დაცვას, პრობლემის იდენტიფიცირებას, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებასა და ცვლილებებისთვის ერთობლივ მოქმედებას.
დელტას წევრები კამპანიას აგრძელებენ. მოსწავლეების, მშობლებისა და მთავარი მოთხოვნა უცვლელია — №11 საჯარო სკოლის მშენებლობის დროულად განახლება და დასრულება, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, განათლება უსაფრთხო, თანამედროვე და სრულფასოვან სასწავლო გარემოში მიიღონ.