წიგნის პრეზენტაცია
გორის #11 საჯარო სკოლაში გიორგი კეკელიძის წიგნის „ომის ნამსხვრევები“ პრეზენტაცია და საჯარო კითხვა გაიმართა
17 ნოემბერს, სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დელტას“ წევრმა მოსწავლეებმა, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში, გიორგი კეკელიძის წიგნის -„ომის ნამსხვრევების“ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი, ოკუპაციის მძიმე შედეგები და ის ადამიანური ტრაგედიები იყო, რომლებიც ამ კონფლიქტმა დატოვა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წიგნიდან ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ეპიზოდები წაიკითხეს. გაცოცხლებულმა ამბებმა მსმენელისთვის განსაკუთრებული ემოციური ფონი შექმნა -ახალგაზრდებმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორ შეცვალა რუსულმა აგრესიამ ათასობით ადამიანის ცხოვრება და რა ღრმა კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით კი გორსა და მის შემოგარენს, რომლებიც საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.
წაკითხული ნაწყვეტების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნში აღწერილ დოკუმენტურ ფაქტებზე, დევნილების ტკივილსა და იმ სიმტკიცეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა გამოიჩინეს. მათი თქმით, 2008 წლის მოვლენების გახსენება და გაანალიზება ახალი თაობის ვალია, რათა ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე გაკვეთილები არასდროს მიეცეს დავიწყებას და კიდევ უფრო მკაფიოდ შეფასდეს თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი.
შეხვედრა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ეკოლოგიურ საკითხებთან ერთად, მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტიზმის გაღვივებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას ემსახურება. ეკოკლუბი „დელტა“ სკოლაში მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს