მოხალისეობა
მოხალისეობა და გარემოზე ზრუნვა – „გორის დღეები 2026“
სსიპ ქალაქ გორის №11 საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბ „დელტას“ წევრმა მოსწავლეებმა ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად საქალაქო ღონისძიებაში – „გორის დღეები 2026“ – მოხალისე ორგანიზატორების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიების ტექნიკურ და საორგანიზაციო საქმიანობაში, ეხმარებოდნენ ორგანიზატორებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში და ზრუნავდნენ ღონისძიების მოწესრიგებულ გარემოში წარმართვაზე.
მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამოხატვა, სისუფთავის დაცვა და საზოგადოებრივი სივრცის მოვლა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ყოველდღიური ჩვევა კი არა, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობაცაა.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებას. „დელტას“ წევრები პრაქტიკული საქმიანობით აჩვენებენ, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობას შეუძლია დადებითი ცვლილებების მოტანა როგორც საზოგადოებისთვის, ისე გარემოსთვის.