ფინანსური წიგნიერების ვორქშოფი
დაზოგვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სკოლაში ეკოზარდების ორგანიზებითა და ფინედუს მხარდაჭერით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
კერძოდ, 17 ნოემბერს ფინედუს დესპანმა მოსწავლეებს ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარა, რომლის მთავარი თემები ფულის დაზოგვა, ინვესტირება და ფინანსური უსაფრთხოება იყო. ბავშვებმა თამაშითა და სახალისო აქტივობებით გაიგეს, როგორ გაჩნდა ფული, როგორ იცვლებოდა ის დროთა განმავლობაში და რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსების გონივრულად მართვა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობაზე, გაეცნენ ფულის სწორად განაწილების პრინციპებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსური გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობით მიღების აუცილებლობას.
ღონისძიების დასასრულს ფინედუმ კლასს საგანმანათლებლო მასალები და სამაგიდო თამაში გადასცა, რაც მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და ფინანსური საკითხების უფრო სახალისო ფორმით შესწავლაში დაეხმარება.
აქტივობის მიზანი იყო ბავშვებში ფინანსური წიგნიერების ადრეული ასაკიდან განვითარება, დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბება და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრა ეკოზარდებმა გასულ წელს თავად კლუბის მოსწავლეებისთვის დააორგანიზეს, წელს კი, დაწყებითი კლასელების ფინანსურ წიგნიერებაზეც იზრუნეს.