ვორქშოფი ჰელოუინის დეკორაციებზე
ეკოკლუბის „ეკოზარდების“ ინიციატივით, პირველკლასელებისთვის 30 ოქტომბერს შემოქმედებითი საჰელოვინო ვორქშოფი ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანი ბავშვებისთვის გარემოზე ზრუნვისა და ნარჩენების მეორადი გამოყენების მნიშვნელობის ახსნა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კლასი ისედაც აპირებდა ჰელოუინისთვის სხვადასხვა დეკორაციებით ოთახის მორთვას, გადავწყვიტეთ, ამაში ჩვენ დავხმარებოდით, ოღონდ არა ახალი საკანცელარიო ნივთებით, არამედ გადასაყრელად გამზადებული ნივთები გამოგვეყენებინა.
შედეგად, ვორქშოფის ფარგლებში, მოსწავლეებმა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ნივთები - პლასტმასის ბოთლები და ტუალეტის ქაღალდის რულონები ორიგინალურ და ფერად საჰელოვინო დეკორაციებად აქციეს. პატარების ფანტაზიით, ბოთლებისგან საყვარელი და მხიარული „სულები“ შეიქმნა, ხოლო ტუალეტის ქაღალდს ჰელოვინის გოგრები დაახატეს.
ბავშვებმა დიდი სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხელით შექმნა უნიკალური ნამუშევარი. მსგავსი აქტივობები შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, განუვითარდეთ კრეატიული აზროვნება და გააცნობიერონ, რომ თითოეულ მეორად მასალას შეუძლია მეორე სიცოცხლე შეიძინოს.