გადადი შინაარსზე
ყველა აქტივობაქვემო ქართლიმიზანი #4

ᲘᲕᲐᲜᲔ ᲯᲐᲕᲐᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ N24 ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲒᲘᲛᲜᲐᲖᲘᲐ

ხარისხიანი განათლება — 6 აქტივობა, სკოლის ეკოკლუბის აღწერით და ფოტოებით.

აქტივობა 01

,,არა ძალადობას,არა ბულინგს''

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ქალაქ რუსთავის  N24 ქართულ გიმნაზიაში უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია. სკოლა განსაკუთრებით მაღალ ინტერესს იჩენს მოსწავლეთა კეთილდღეობის მიმართ და ყოველწლიურად ატარებს მიზნობრივ საინფორმაციო შეხვედრებს. ამჯერად შეხვედრა ჩატარდა  საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან თემებზე: „არა ძალადობას, არა ბულინგს“ და „კიბერბულინგი -უხილავი საფრთხე“.

ეს სისტემური მიდგომა ემსახურება მოზარდებში ცნობიერების მუდმივ ამაღლებასა და ჩაგვრის ნებისმიერი ფორმის პრევენციას. შეხვედრების დროს მოსწავლეები განსაკუთრებულ აქტიურობას ავლენენ რეალური სიტუაციური ამოცანებისა და ქეისების განხილვისას. ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, კრიტიკულად აანალიზებენ ბულინგის უარყოფით შედეგებს და ერთობლივად მსჯელობენ პრობლემის მოგვარების კონსტრუქციულ გზებზე.შეხვედრის ბოლოს მოსწავლეთა ინიციატივით დაიგეგმა კედლის გაზეთების შექმნა და სასკოლო სივრცეში მათი გამოფენა,რათა მოსწავლეთათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

 

აქტივობა 02

,,დაზოგვის მსოფლიო დღე''

  31 ოქტომბერს მსოფლიო ,, დაზოგვის მსოფლიო დღეს'' აღნიშნავს, რომელსაც საქართველო უკვე მე-15 წელია შეუერთდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

ღონისძიებას სამოქალაქო განათლების პედაგოგი უძღვებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის „მე ვარ დესპანი მასწავლებელი“ — ფარგლებში მომზადებულ თემატიკას ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მოსწავლეები ინტერაქტიულად გაეცნენ ფინანსური წიგნიერების საფუძვლებს, დაზოგვის მნიშვნელობასა და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბების გზებს.შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გახადა ინტერაქტიულმა თამაშებმა და რეალური სიტუაციური ამოცანების სიღრმისეულმა განხილვამ. მოსწავლეებმა როლურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა, გააანალიზეს ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვის კეისები და პრაქტიკულად ისწავლეს ფინანსური რესურსების გონივრული მართვა. ამგვარი აქტივობები უმცროსკლასელებში ადრეული ასაკიდანვე უწყობს ხელს პირადი ფინანსებისა და რესურსების გონივრულ მართვას, ბიუჯეტირებასა და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

 

აქტივობა 03

,,სტურმრად რუსთავის 112-ის საინფორმაციო ცენტრში''

    ისტორიის პედაგოგის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები რუსთავის 112-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ესტუმრნენ.

საინტერესო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პატარები უშუალოდ გაეცნენ ცენტრის ოპერატიულ საქმიანობას, გადაუდებელი დახმარების მართვის სპეციფიკასა და ოპერატორთა მუშაობის პროცესს,საგანგებო სიტუაციების დროს სწორი მოქმედებისა და უსაფრთხოების დაცვის წესებს. მოსწავლეებმა დეტალურად შეიტყვეს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს 112-ის ნომრის სწორად გამოყენებასა და საგანგებო სამსახურების დროულ ინფორმირებას.

ამგვარი არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები განსაკუთრებულად უწყობს ხელს უმცროსკლასელებში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო ქცევის ჩამოყალიბებას, პირადი უსაფრთხოების წესების გააზრებასა და საგანგებო სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარების განვითარებას. შემეცნებითმა ვიზიტმა მოსწავლეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა,შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვრო ბროშურები გადაეცათ 112-ის საინფორმაციო სამსახურიდან.

აქტივობა 04

,,სტუმრად საქართველოს პარლამენტში''

   სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის საშუალო საფეხურის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ესტუმრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, მის საზედამხედველო ფუნქციებს , კანონშემოქმედებით პროცეს და საკანომდებლო ორგანოს როლს.მოსწავლეებმა უშუალოდ კანონმდებლებისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება კანონები და როგორ ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლი.

ეს ვიზიტი ნათლად აჩვენებს მოსწავლეთა არაფორმალურ გარემოში გასვლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების უდიდეს მნიშვნელობას. საკლასო ოთახის მიღმა მიღებული ცოდნა მოზარდებს ეხმარება თეორიული მასალის უკეთ გააზრებაში, ვითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ამაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას. არაფორმალური განათლება ეფექტური გზაა აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც უშუალოდ ეცნობიან დემოკრატიული სახელმწიფოს მართვისა და ფუნქციონირების რეალურ მექანიზმებს.

 

აქტივობა 05

,,ბავშვის უფლებათა კონვენცია''

ივანე ჯავახიშვილის სახელობის N24 ქართული გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა , 3 ნოემბერს ჩაატარა  საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია“.შეხვედრაზე მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ ამ საერთაშორისო დოკუმენტის უდიდეს მნიშვნელობასა და როლს თითოეული ბავშვის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პედაგოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კონვენცია 1989 წელს მიიღო, ხოლო საქართველო ამ გლობალურ შეთანხმებას 1994 წელს შეუერთდა. ღონისძიების ინტერაქტიული ნაწილი დაეთმო ნაყოფიერ მსჯელობასა და სიტუაციური ამოცანების განხილვას, რომლებიც ბავშვის უფლებების დარღვევის რეალურ შემთხვევებს ეხებოდა. მოსწავლეებმა გააანალიზეს სხვადასხვა კეისი, იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გააზრებასა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს დამკვიდრებას.

აქტივობა 06

ჩემი ქალაქის ისტორია-,,სახალისო არქეოლოგია''

    ივანე ჯავახიშვილი სახელობის N24 ქართული გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეები ,29 ოქტომბერს ,პროექტ „სახალისო არქეოლოგიის“ ფარგლებში, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც ნამდვილ არქეოლოგიურ თავგადასავალში ჩაერთვნენ.

სასწავლო ვიზიტის დროს მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების ძირითად პრინციპებსა და კვლევის მეთოდებს. დღის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილად კი პრაქტიკული აქტივობა იქცა — მოსწავლეებმა საკუთარი ხელით აღმოაჩინეს და შეეხნენ საუკუნოვან ორიგინალურ ნივთებსა და ექსპონატებს.მოეწყო შემეცნებითი ვიქტორინა,რომლის მიზანს წარმოადგენდა მიღებული ინფორმაციის უკუკავშირის დაბრუნება.მოსწავლეთა აქტიურობა გახლდათ ძალიან საინტერესო,სკოლაში დაბრუნების შემდეგ თანატოლებს გაუზიარეს ის შთაბეჭდილებები,რაც მიიღეს მუზეუმში სტუმრობის დროს.

ამგვარმა ინტერაქტიულმა გამოცდილებამ ბავშვებს საშუალება მისცა, თვალსაჩინოდ აღექვით ისტორია, გაეცნობიერებინათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უდიდესი მნიშვნელობა და არქეოლოგის პროფესია სრულიად ახალი, საინტერესო კუთხით აღმოეჩინათ.

იტვირთება…