„წარსულის ხმები — ქართული ფოლკლორისა და შილდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
სსიპ დავთ ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი შილდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მწვანე სიცოცხლის წევრებმა 2026 წლის 17 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს სოფელ შილდაში სამუსიკო სკოლაში კონცერტზე ,რომელიც გაიმართა შილდის N1საჯარო სკოლის პედაგოგების ირმა კანდელაკისა და ქეთევან რუხაძის ხელძღვანელობით. ფოლკლორული კონცერტი, რომლის მიზანი ქართული ხალხური მუსიკის, უძველესი ტრადიციული რიტუალებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა იყო.ღონისძიებაზე გაცოცხლდა წინაპართა ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული ძველი რიტუალური სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა ტრადიციულ წეს-ჩვეულებასა და ცხოვრებისეულ მოვლენას ასახავდა. შესრულდა დედამთილის დატირებასთან, გვალვისა და ძლიერი წვიმების დროს უფლისადმი აღვლენილ ვედრებასთან, ასევე პატარძლის გათხოვების რიტუალთან დაკავშირებული სიმღერები. თითოეული შესრულება წარმოაჩენდა ქართული ხალხური მუსიკის ემოციურ სიღრმეს, ტრადიციების მრავალფეროვნებასა და წინაპართა სულიერ სამყაროს.კონცერტის განსაკუთრებული ნაწილი იყო ქართული მრავალხმიანი სიმღერების შესრულება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებთან ერთად. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული მრავალხმიანობის უნიკალურობა და თაობებს შორის კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი გადაცემის მნიშვნელობა.მსმენელთა წინაშე წარდგენილი იყო ქართული ტრადიციული მუსიკალური საკრავებიც: დაირა, გარმონი, გიტარა, ბანი, ფანდური, აკორდეონი და სალამური, რომელთა ჟღერადობამ კონცერტს განსაკუთრებული ეროვნული და კულტურული ელფერი შესძინა.ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა, რომლებიც ამავდროულად შილდის საჯარო სკოლის მასწავლებლებიც არიან. კონცერტში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სასკოლო და კულტურულ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, სოფლის გამორჩეული და ღვაწლმოსილი პიროვნებები და სკოლის დირექტორი და პედაგოგები.კონცერტის საშუალებით ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უშუალოდ გაცნობოდნენ წინაპართა ტრადიციებს, რიტუალურ სიმღერებსა და ხალხურ საკრავებს, გაეაზრებინათ მათი ისტორიული და კულტურული ღირებულება და დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
მიღწეული შედეგი: ღონისძიებამ ხელი შეუწყო ქართული ფოლკლორისა და ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას, მოსწავლეებში ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაძლიერებას, თაობებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ადგილობრივი საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას.