ხარაგაულში ამბობენ, რომ ხე-ტყე უკანონოდ იჭრება.
ხარაგაულის რაიონის მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონში ხე-ტყე უკანონოდ იჭრება. როგორც მედიის წარმომადგნლებს ადგილობრივებმა ხარაგაულიდან აცნობეს, სოფელ წიფასა და მიმდებარე სოფლებში ხე-ტყე დღე-ღამის განმავლობაში იჭრება და მანქანებით გადის.
"დღე და ღამე „დრუჟბის“ ხმა ისმის ტყიდან. მოჭრილი ხეები ძირითადად ღამით გააქვთ. თუ ასე გაგრძელდა, 2 წელიწადში აქ ტყე აღარ იქნება. დახმარებას ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, მოგვაქციონ ყურადღება“, - აცხადებს მოსახლეობის ნაწილი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ წიფასა და მიმდებარე სოფლების ტყეებში ხეების უკანონოდ ჩეხვის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ შედგენილია ოქმები, რომელიც შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი რეაგირებისთვის.
"წიფასა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას აქვს ლიმიტური ტყე-კაფვის უფლება, ზამთარში შეშის დასამარაგებლად. ისინი თვითონ ჭრიან ხეებს. ტყეში ღრმად შედიან და 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ამიტომაცაა, რომ ღამითაც ისმის ხერხის და მანქანების ხმა. თუმცა, არის უკანონო ჭრებიც. ეს საქმეები გამოვლენილია, შედგენილია ოქმები და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“, - აღნიშნა თორნიკე გვაზავამ.
მისივე ინფორმაციით, წიფასა და მიმდებარე სოფლებში მონიტორინგი გამკაცრდება, რათა ხე-ტყის უკანონოდ ჩეხვა აღიკვეთოს.