დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კომპლექის ეზოში კოლხური ბზა შეიწამლა. ბზის მავნებლის შეწამვლა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და მათი ზედამხედველობით განხორციელდა, თუმცა ერთგვარი დაგვიანებით, რადგან დაყოვნებამ ხეივანს აშკარად დააჩნია კვალი: ნარგავებს ალაგ-ალაგს ხმობა აქვთ შეპარული და დადიანების კომპლექსის ამ სავიზიტო ბარათს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე, როგორც მავნებლებთან ეფექტურად ბრძოლისთვის აუცილებელი დროის დაკარგვის, ისე ბოლო წლებში მოუვლელობის გამო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) განგაში ატეხა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო მცენარეთა დაცვის კუთხით, კერძოდ ბზის ხეების სწრაფი ხმობის გამომწვევი საშიში მავნებლის, ბზის ალურას მასობრივი გავრცელების გამო მწვანე ზოლებსა და კერძო ნაკვეთებში. ამ საკითხს მიეძღვნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირთა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა საგანგებო თათბირიც, რასაც პირველი თვალსაჩინო შედეგი მოჰყვა ბზის ხეივნის შეწამვლის სახით.
სამწუხაროდ, ამ ზომების მიღება კარგა ხნით ადრეც იყო საჭირო და უპირველეს ყოვლისა დადიანების ბაღსა და ხეივანში, რომელიც რეგიონის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა და ქალაქის ხელმძღვანელობას მეტი დაინტერესების შემთხვევაში შეეძლო მისთვის მიყენებული ზიანის პრევენცია.