წელს სტიქიისგან მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწევს. საქართველოში სტიქიური მოვლენები უცხო არ არის, მაგრამ წლევანდელი წელი მასშტაბით გამოირჩევა. ჯერ სამეგრელოში ქარიშხალმა თხილის პლანტაციების ნაწილი გაანადგურა და მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. შემდეგ იყო თბილისის სტიქია, მოგვიანებით შიდა ქართლში მოსულმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა პომიდვრის მოსავალი. ახლახან კახეთში ანომალიურმა სეტყვამ მიწასთან გაასწორა ყვარელი, ასევე დაისეტყვა ლაგოდეხი და ახმეტა. ზვავი ჩამოწვა თუშეთსა და რაჭაში. გუშინ კი შავი ზღვის სანაპიროს წყალდიდობა დაატყდა თავს.
გარემოს დაცვის სამინისტროს 2014 წლის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 601,9 მილიონი ლარია. ქვეყანას ყველაზე დიდი ზარალი მეწყერის შედეგად ადგება, ხუთ წელიწადში - 298,5 მილიონი ლარი, მეორე ადგილზეა წყალდიდობა - 224 მილიონი ლარი, შემდეგ ღვარცოფი - 61 მილიონი ლარი, ქარიშხალი - 14,8 მილიონი ლარი, ხოლო დიდთოვლობა - 12,6 მილიონი ლარი.
წელს სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდით, ეს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარია. ბოლო მონაცემებით, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ზარალის ოდენობამ 200 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთსა და თუშეთში ზარალი 150 მილიონ ლარს ცდება, 200 ათასი ჰექტარი ვენახი 100%-ით არის განადგურებული. გარდა ამისა, დაზიანებულია სახლები და გზები. დაახლოებით, ამდენივე იქნება ზარალი დასავლეთ საქართველოში. ყველაზე დიდი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე იხარჯება.
დასავლეთ საქართველო
სამშაბათს, ღამით მოსულმა წვიმამ შავი ზღვისპირეთი დატბორა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაფუჭდა გზები. გარდა ამისა, გუშინ მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "ვარციხე 35", რის შედეგადაც ვანში 12 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
დატბორვის მთავარ მიზეზად გაუმართავი სანიაღვრე არხები დასახელდა, თუმცა აჭარის ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ ასეთი უხვი ნალექის პირობებში დატბორვის თავიდან აცილება საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი სანიაღვრე არხების პირობებშიც კი შეუძლებელი იქნებოდა.
ბათუმში მცხოვრებნი კი მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ.
ბათუმში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად სამაშველო ჯგუფები დამატებით თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან ჩავიდნენ. ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ხობის რაიონის სოფელი ჭალადიდი. მოსახლეობის განცხადებით, ძლიერმა წვიმამ სახლების პირველი სართულები დატბორა, გაანადგურა სახნავ-სათესი ფართობები
რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად, რაჭაში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოსწყდა. დაზიანდა გზები, ხიდები, დაწყდა ელექტროსადენები და მოსახლეობას ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა შეექმნა.
აღმოსავლეთ საქართველო
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. ოფიციალური ინფორმაციით, 1500-დან 2000 ჰექტარამდე ვენახი 100 პროცენტით განადგურდა. ზარალი საკმაოდ დიდია როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით.
არსებული მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებში სულ 200-ზე მეტი განაცხადია დაფიქსირებული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მთავრობაში კი განაცხადეს, რომ მოსახლეობას დაზიანებულ სახურავებს შეუკეთებენ და მცენარეთა მოვლის საშუალებებს გადასცემენ. გაფუჭებული მოსავლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება არ მოხდება.
რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობა და ღვარცოფი უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საფრთხე ყველგანაა - აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი - საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, ცხადია, რომ უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, ის საკმაოდ მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გათვლით, პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 200 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.
"რამდენიმე წლის წინათ ჩატარდა კვლევა, სადაც გეოლოგებმა სტიქიისგან ყოველწლიურად მიყენებული ზარალი 200 მილიონი ლარის ფარგლებში დათვალეს. მას შემდეგ კატასტროფების დინამიკა არ შეცვლილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ზარალი ისევ ამ ფარგლებში მერყეობს", -
ამბობს არასამთავრო ორგანიზაცია "სენ"-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
გეოლოგიის სამსახურის უფროსის, ემილ წერეთელის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 70% მუდმივი საფრთხის ქვეშაა. "საქართველოს ტერიტორიის 1,5 მლნ ჰექტარზე მეტი მეწყრულ უბნებზე მოდის, ანუ ტერიტორიის 70% მუდმივი საფრთხის ქვეშაა. მთელ კავკასიაში სულ 5 ათასამდე ღვარცოფსაშიში კერა და მდინარეა აღრიცხული. მათგან 3 ათასი კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა. საქართველოს, დღეისათვის, სულ 53 ათასი მეწყრული უბანი აქვს, როცა აზერბაიჯანში მათი რიცხვი 8500-ია, სომხეთში კი მხოლოდ 3000", - აცხადებს ემილ წერეთელი.
აქედან გამომდინარე, გეოლოგების განმარტებით, აუცილებელია ტყეების შენარჩუნება და რაც შეიძლება მეტი დაცული ტერიტორიების შექმნა იმისათვის, რომ მთიანი საქართველო ღვარცოფებისა და მეწყრების კატასტროფული შედეგებისაგან ნაწილობრივ მაინც გახდეს დაცული. გეოლოგების აზრით, წყალდიდობებისა და ღვარცოფების გამომწვევი სამი ფაქტორი არსებობს - ტყის საფარის გაჩეხვა, გლობალური დათბობა და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის უქონლობა.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"