თბილისის "მწვანე სკოლა დიდი დიღომის" ეკოკლუბ "ეკოზარდების" წევრები ეწვივნენ ეკოსივრცე "არე-მარეს", რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარეობს. ვიზიტის მიზანი იყო გასცნობოდნენ პერმაკულტურას და ესწავლათ, როგორ შეიძლება ბუნების დაზიანების გარეშე თიხითა და ნამჯით სახლის აშენება.
ვიზიტის ფარგლებში მასპინძელმა მარიამ საჯაიამ, რომელიც პერმაკულტურით უკვე შვიდი წელია გატაცებულია, "ეკოზარდებს" უამბო, როგორ შეიძლება დედამიწას დაეხმარო მისი რესურსების მოხმარებით და "სამაგიერო" დაუბრუნო. მაგალითად, მოიყვანო მარცვლეული ისე, რომ ნიადაგი არ დააზიანო, მიღებული ბოსტნეულის ნარჩენით ნიადაგი გაანოყიერო, ნიადაგის ბინადრებს საფრთხე არ შეუქმნა და რაც მთავარია, იცხოვრო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
არე-მარეში "ეკოზარდებმა" ასევე ისწავლეს სახლის აშენება ბუნებრივი მასალებით, თავად მიიღეს მონაწილეობა თიხის, ქვიშის და ნამჯის მასალის შექმნაში. ისინი ერთმანეთში კარგად აურიეს და ერთ-ერთი კედელიც ამოაშენეს. შემეცნებითმა ვიზიტმა ეკოკლუბელებს ახალი იდეები მოუტანა, რასაც სკოლის ტერიტორიაზე განახორციელებენ.