სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრა-თათბირზე კოლხური ბზის დაავადების და ბზის ალურის (მავნებელი, რომელიც აზიანებს მცენარეს) გავრცელების პრობლემის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების მერიის, სატყეო სამსახურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მიზანი ბზის ინტენსიურ ხმობაზე სწრაფი რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღება იყო.
აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიტა კოდუას თქმით, მათთან, ფოქორის, პირველი მაისის ტერიტორიებზე მცენარის ძირითადი ნაწილი გაფუჭებულია, ამიტომ სწრაფი რეაგირებაა საჭირო იმისთვის, რომ მთელი ეს ფართობები არ განადგურდეს და მათი შენარჩუნება შეძლონ.
„სამი დღის შუალედით ვიყავი ასული. სამ დღეში ნახევარზე მეტი განადგურებული იყო. მგონია ყველა სოფელთან შედარებით აბასთუმანს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. მარტვილის გაჭედილზე არანაკლები ხიბლი აქვს ფოქორსაც და არანაკლებ მიმზიდველია ტურისტებისთვის“, - აღნიშნა მან.
სპეციალისტების განცხადებით, კოლხური ბზის გადაშენების დინამიკამ ბოლო წლებში კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. ბზის სიდამწვრით ცნობილმა სოკოვანმა დაავადებამ გაანადგურა კორომების 80% მისი ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე. 2014 წელს გურიაში კიდევ უფრო საშიში მავნებელი, ბზის ალურა გამოჩნდა, რომლიც ერთ წელიწადში მთლიანად მოედო გურიის, აჭარის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს.
Cenn-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლის და Cenn-პროექტის რეგიონული კოორდინატორის, მაია კოდუას განმარტებით, გარკვეული პერიოდის მანძილზე მოხდა საკმაოდ დიდ რაოდენობით ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, რეგიონიდან მეორე რეგიონში ბზის ტოტების გადატანა. მან არ გამორიცხა, რომ ბზის ტოტებთან ერთად მოხდა მავნებლის გავრცელებაც.
„1982 წელს წითელ წიგნში 42 სახე არის შეტანილი, მერქნიანი სახეობა, აქედან ბზა არის მეოთხე რიგად. მოვლა საჭიროა. უნდა მივხედოთ ამას. გაშენება და ახალგაშენებულს კი არა, ძველი თუ არ შევინარჩუნეთ ჩემო კარგებო, არაფერი არ შეგვრჩება“, - განუცხადა შეხვედრის მონაწილეებს შპს „ზუგდიდის სატყეო მეურნეობის“ დირექტორმა ირვერ ჯალაღონიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას განცხადებით, აუცილებელია სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება, რათა დაავადებული მცენარის მასშტაბები კიდევ მეტად არ გაიზარდოს. ამიტომ ფიქრობენ საკარანტინო მდგომარეობის შემოღებას მუნიციპალიტეტებში.
„მე ველაპარაკე მინისტრის მოადგილეს და ყველა ჩართულია ამ პროცესში, ასევე შვეიცარიელი, უკრაინელი ექსპერეტები იყვნენ ჩართულები. სამწუხაროდ, მათი დასკვნა დროში აგვიანებს, სადღაც ოქტომბრის თვემდე არ იქნებოდა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ გამოცხადდეს საკარანტინო ზონად ჩვენი მუნიციპალიტეტები, და ამის მიხედვით დავსახოთ ღონისძიებები“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დავალებები მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, მოახდინონ ბზის შეწამვლა მათსავე ტერიტორიაზე:
წყარო:
http://www.livepress.ge/ka/site/news/12373/