ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს საერთო მიზნისთვის — მოსწავლეთა ინიციატივა მოხუცთა მხარდასაჭერად. მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი და სოციალური უნარების გაერთიანებით გამორჩეული ინიციატივა წამოიწყეს. მათ საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები და დღეს 17 აპრილს სოფელ ზედაეწერში მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა.
აქტივობაში ჩართულები იყვნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები და მშობლები, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთო ღირებულებები და თანადგომა მნიშვნელოვან კავშირებს აყალიბებს სასკოლო საზოგადოებაში.
მოსწავლეების მიზანი იყო არა მხოლოდ საკუთარი ნიჭისა და შრომის გაზიარება, არამედ ამ შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით რეალური დახმარების გაწევა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გაყიდვებიდან შემოსული თანხით მოსწავლეები აპირებენ ესტუმრონ რუხის მოხუცთა თავშესაფარს, რათა გაუზიარონ სითბო, ყურადღება და პატივისცემა ხანდაზმულებს.