აჭარასა და სამეგრელოში ასწლოვან ხეებს მატლები შეესივნენ
ბოლო დღეებში აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში შეიქმნა საგანგებო სიტუაცია მცენარეთა დაცვის კუთხით, რაც დაკავშირებულია საშიში მავნებლის, ბზის ალურას (პეპლების რაზმი Crambidae-ის ოჯახიდან) მასობრივი გავრცელებით და ბზის ხეების სწრაფი ხმობით მწვანე ზოლებსა და კერძო ნაკვეთებში.
მავნებლები იკვებებიან როგორც ბზის ფოთლებით, ასევე ყლორტებიდან წოვენ მცენარის წვენს. მათ შეუძლიათ გაანადგურონ მრავალწლიანი მცენარეები ძალიან მცირე დროში. მავნებლის განსახლების შემდეგ ბზა თითქოს დამწვარია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების პერიოდში ალურას 1 დღეღამეში 1 ჰექტარი ტერიტორიის სრული განადგურება შეუძლია.
აჭარის სატყეო სააგენტოს განცხადებით, მავნებლების გავრცელება უკვე შეინიშნება ხეხილზეც. ალურა ასევე დაფიქსირებულია სატყეო ფართოებებზეც.
შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ორშაბათს, 24 აგვისტოს, 15:00 საათზე, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში დანიშნულია საგანგებო თათბირი, რომელზეც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობაა მოწვეული. თათბირის მიზანია, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღება.
მცენარეთა დაცვის სამსახურმა გასულ წელს გაავრცელა რეკომენდაციები მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაზე და ცალკეულ შემთხვევებში, მუნიციპალური სამსახურებისა და კერძო პირების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მოკლევადიანი ეფექტიც გამოიღო. თუმცა, არაორგანიზებული და ფრაგმენტული სახის ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი სიტუაციის დარეგულირებისთვის და მავნებლის გავრცელებამ კატასტროფული ხასიათი მიიღო.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია სცილდება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ მასშტაბებს და მოითხოვს რეაგირებას ეროვნულ დონეზე – სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საჭიროა სპეციალური რეჟიმის ამოქმედება, რათა შესაბამისმა სამსახურებმა ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით შესაწამლი პრეპარატების შესყიდვისა და გამოყენებისას. გეგმის შემუშვება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან კონსულტაციით, ხოლო მისი განხორციელების პროცესში საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს.