გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სკოლის ეკოკლუბისა და დირექციის ორგანიზებით, 28 იანვარს სკოლაში სტუმრად მიიწვიეს "ტანას აღკვეთილის" თანამშრომელი, რეინჯერი ლერი მეზვრიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია შესთავაზა დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებასა და საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ.
ბატონმა ლერიმ მოსწავლეებს აჩვენა აღჭურვილობა, რითიც მუშაობენ ტყის მცველები: გადამცემები, ჯიპიეს მოწყობილობები, კომპასი, ბინოკლი და ფოტო ხაფანგები, რომლებიც მალე სოფლის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება და ტყის სივრცე დაცული იქნება ბრაკონიერებისა და მოსახლეობისგან, რომლებიც ინტენსიურად აბინძურებენ ტყის ნაპირს.
"ეს პატარა, ლამაზი ტყე უდიდესი უპირატესობაა ჩვენი კოპწია სოფლისა და მისი გაფრთხილება, სისუფთავის დაცვა, ნაგავსაყრელებისგან გაწმენდა ჩვენი სკოლისა და სოფლის მთავარი დავალება უნდა იყოს მომავალი თაობების წინაშე. გავუფრთხილდეთ ტყეს! შევინარჩუნოთ მისი სისუფთავე! არ დავყაროთ ნარჩენები და ამით საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი სოფლის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობას! ტყე თავისი შეუცვლელი ეკოსისტემით ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შეუცვლელი წყაროა, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!" - ამბობენ სოფელ ახალდაბის სკოლის ეკოკლუბელები.