ხულოს სოფელ დანისპარაულში ირჩევენ ევროპას!

აჭარაში, ხულოს სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ეკოკლუბელების ინიციატივით ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა აქტივობა სახელწოდებით :" ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს".

ბავშვებმა იმსჯელეს და არგუმენტები მოიყვანეს ევროპული ღირებულებების შესახებ, მათი აზრით როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი მომავალი და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში. ასევე დამსწრე მოსწავლეებს გააცნეს ევროკავშირის შექმნის ისტორია, თუ როგორ მოაღწიეს დღევანდელ მდგომარეობამდე.

დანისპარაულელი მოსწავლეების აზრით ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც უკანასკნელი 70 წლის მანძილზე უწყვეტად ვითარდება. ევროკავშირი ხელმძღვანელობს შეთანხმებებით, კანონქვემდებარე აქტებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული დებულებებით, დირექტივებითა და რეკომენდაციებით, რაც ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასთან ერთად არის იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებსაც იღებენ ევროკავშირის საბჭო (წარმოადგენს ეროვნულ მთავრობებს), ევროპარლამენტი (წარმოადგენს ხალხს), ევროკომისია (ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებისგან დამოუკიდებელი ორგანო და იცავს საერთო ევროპულ ინტერესებს) და სხვა ევროკავშირის ინსტიტუტები და ორგანოები.

 

დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ გავწევრიანდებით ევროკავშირში, რადგან ეს საქართველოს ევროპაში გასვლას და ქვეყნის განვითარებას ნიშნავს.