ბიოგაზი – ენერგიის ალტერნატიული წყარო

დღესდღეობით, როცა მსოფლიო ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე დგას, აქტუალურია ალტერნატიული ენერგიების გამოყენების საკითხი და ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს ბიოგაზი წარმოადგენს.
  ბიოგაზი სუფთა და განახლებადი ენერგიაა, რომლის წარმოება ძალიან ბევრ შინამეურნეობას საკუთარი ძალებით შეუძლია. ის მეთანისა და ნახშირორჟანგის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც ორგანული მასალების დაშლის შედეგია (წარმოიქმნება სხვადასხვა წარმოშობის ორგანული ნივთიერების ფერმენტაციისას უჟანგბადო გარემოში). ორგანულ წყაროებზე დამოკიდებულების მიხედვით, ბიოგაზი დაახლოებით 50-70% მეთანის, 30-40% ნახშირორჟანგისა და დამატებით სხვა ისეთი ნივთიერებებისგან შედგება, როგორიცაა გოგირდწყალბადი, წყალბადი, აზოტი და სილოქსანი. ბიოგაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ამ რესურსის წარმოება მრავალი სახის ნარჩენისგან შეიძლება, გამოყენება კი სათბობად და ელ.ენერგიის გამომუშავებისთვის (ტრადიციული ბენზინის გენერატორებითა და სპეციალურად ბიოგაზისთვის შექმნილი გენერატორების მეშვეობით) არის შესაძლებელი და ასევე, კომპრესირების შემთხვევაში, შეუძლია ავტომობილებში ჩაჭირხნული ბუნებრივი აირი ჩაანაცვლოს. ბიოგაზი დღითიდღე პოპულარული ხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც მას მრავალი დადებითი თვისება გააჩნია ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ბიოგაზის დანადგარი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოზე, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროზე, სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე, ამასთანავე, ამცირებს სასათბურე აირების გამოყოფას. სასათბურე აირების გამოყოფისა და შეშის მოხმარების შემცირებასთან ერთად, მას გააჩნია შემდეგი უპირატესობები: ფერმაში მოპოვებული ნარჩენების ანაერობული დამუშავება ამცირებს წყლის დაბინძურებასა და ცხოველებისგან ადამიანებზე გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებას. შეშის გამოყენების შემცირება ასევე შეამცირებს ტყეების გაჩეხვასა და მიწის დეგრადაციას. 15 დამატებით, წელიწადში ერთი ბიოგაზის დანადგარი აწარმოებს 15-32 ტ ორგანულ სასუქს, რაც ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას. რაც შეეხება ეკონომიკას, იგი დიდად ამცირებს შინამეურნეობების ხარჯებს და დანადგარის შესყიდვის შემდეგ შესაბამისი მოცულობის ნარჩენების ქონის შემთხვევაში შუძლიათ იქონიონ უფასო გაზი დანადგარის ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში, რომელიც ძირითად შემთხვევაში 15-20 წელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიოგაზის წარმოება ხდება მეთანის შემკრებ რეზერვუარში. ნარჩენების მაღალი ხარისხის პირობებში (თუ ის ბიოლოგიურად ადვილად ხრწნადია და ასევე წყლის დიდ რაოდენობას შეიცავს) შესაძლებელია, წარმოებულმა ენერგიამ ნედლეულის 60-90%-მდე მიაღწიოს. ასევე, წარმოებული გაზის რაოდენობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ანუ რაც უფრო თბილია გარემო, მით უფრო მაღალია ორგანული ნედლეულის ფერმენტაციის სიჩქარე და ხარისხი. სწორედ ამიტომ ზამთრის განმავლობაში აუცილებელია რეზერვუარის თბოიზოლაცია და შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნება. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, რეზერვუარები ნახევრად მიწის ქვეშ თავსდება. დანადგარების უმეტესობა მიწისქვეშა კონსტრუქციებია და სფერული, ან ცილინდრული ფორმა აქვს. ეფექტური პროცესის წარმართვისთვის ბიოგაზის დანადგარის კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: მკაცრი აერობიოზი, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, დანადგარში ბიომასის ეფექტური გადაადგილება, დანადგარში ნარჩენის არევის შესაძლებლობა, გადასამუშავებელი ბიომასის შესაბამისი მოცულობა და მისი ექსპლოატაციის სიმარტივე. ბიოგაზის წარმოების ყველაზე მარტივ დანადგარს წარმოადგენს ცხოველურ ნარჩენებზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც რეზერვუარში იღებს ცხოველურ ნარჩენს და შემდეგ გადამუშავებისთვის აწვდის რეაქტორს, ანუ მთლიანად ჰერმეტიზებულ რეზერვუარს (თხევადი ნარჩენების შემთხვევაში ტუმბოთი, ხოლო მყარი ნარჩენების შემთხვევაში შნეკური ჩამტვირთავი მოწყობილობით), სადაც ფერმენტიზაცია ხორციელდება თვითონ ნედლეულში არსებული ბაქტერიების მიერ. ამის შემდეგ, მიღებული გაზი გროვდება გაზჰოლდერში და გაწმენდის შემდეგ უკვე ხდება მისი მიწოდება გაზის მოხმარების მოწყობილობებისთვის. მსგავსი პრინციპი აქვს მცენარეული ნარჩენებისგან ბიოგაზის წარმოებასაც, ოღონდ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ნარჩენების დაქუცმაცება და წვრილ ფრაქციებად დაყოფა. წყარო: ენერგოდაიჯესტი