ტუია - ქოთნის საახალწლო "ნაძვის ხე“

ტუია (ლათ. Thuja) - კვიპაროსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარე, რომელიც ბუნებრივ პირობებში სიმაღლით 8-10 მ-ს აღწევს, მაგრამ არსებობს მცენარის ჯუჯა სახეობები, რომლებიც მხოლოდ 50-70 სმ იზრდება და ოთახის პირობებშიც საკმაოდ მარტივად გაახარებთ. ტუიას ბადისებრი, ბრტყელი ტოტები აქვს, რომელიც წვრილი, რომბისებური ფოთლებითაა დაფარული. სანამ მცენარე ახალგაზრდაა, ყველა ფოთოლი მწვანე აქვს, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ კი ქვედა ტოტები გახევებას იწყებს და ამ ტოტებზე განლაგებული ფოთლებიც ყავისფერი ხდება. საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია ტუიას მხოლოდ ერთი სახეობა - აღმოსავლური ტუია (Thuja orientalis), თუმცა ამ სახეობისგან მცენარის კიდევ ბევრი ჯუჯა ქვესახეობაა გამოყვანილი. ეს ქვესახეობები საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიძლება იყოს ოქროსფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ან შერეული ფერის ფოთლებით. სხვა წიწვოვანთა მსგავსად, ტუიაც გამოყოფს ფიტონციდებს, რაც, გარდა იმისა, რომ ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს, ჰაერსაც ადეზინფიცირებს და დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე. ტემპერატურა და განათება ზაფხულობით ტუია სუფთა ჰაერზე - ბაღში, ან აივანზე გამოიტანეთ და იქ შემოდგომის ბოლომდე დატოვეთ. ზამთარში მცენარე ნათელ და გრილ ოთახში შეიტანეთ და 5-15 გრადუს ტემპერატურაზე გამოაზამთრეთ. თუ ზამთარში შესაბამისი პირობები არ გაქვთ და ოთახის ტემპერატურა 15 გრადუსს აჭარბებს, შეგიძლიათ ტუია ზამთრის განმავლობაში აივანზე ან სულაც ბაღშიც დატოვოთ. სიცივეში მცენარეს არაფერი მოუვა, გამათბობლით დამთბარ და გამომშრალ ოთახში კი შეიძლება გახმეს. ჰაერის ტენიანობა ტუიას მაღალი ტენიანობის ჰაერი მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტოტებზე დროდადრო ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ. მორწყვა ტუია რეგულარულად, მაგრამ ზომიერად უნდა მორწყათ, ისე, რომ ქოთანში არც წყალი ჩაუდგეს და არც მიწა გამოუშრეს. გრილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში მცენარეს უფრო ნაკლები რაოდენობის წყალი სჭირდება, მაღალი ტემპერატურის პირობებში კი (ცხელ ზაფხულში, ან თბილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში) - მცენარე უფრო ხშირად და უხვად მორწყეთ. ნიადაგი და გადარგვა ახალგაზრდა ტუია ყოველ წელს უნდა გადარგოთ, მოზრდილ ეგზემპლარებს კი ყოველწლიურად მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალეთ. შეგიძლიათ, ტუია პირდაპირ წიწვოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნიადაგში ჩარგოთ ან ნიადაგი მას ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშისგან (1/3/1) თავად მოუმზადეთ. გადარგვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მცენარე ახალ ქოთანშიც მიწიდან იმავე დონეზე დარგოთ, რადგან უფრო ღრმად ან ზედაპირულად დარგვა მცენარის გახმობას გამოიწვევს. განოყიერება ტუია მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თვეში 1-ხელ გაანოყიერეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სასუქის კონცენტრაცია ძალიან სუსტი იყოს, რადგან მაღალი კონცენტრაციის სასუქი მცენარის სწრაფად ზრდას გამოიწვევს. გამრავლება ტუია ტოტის დაფესვიანებით უნდა გაამრავლოთ. ამისთვის საჭიროა: გაზაფხულის დადგომისთანავე მოაჭრათ მცენარეს ნახევრად გახევებული, 10 სმ-ის სიგრძის ტოტი, რომელიც ჯერ რომელიმე სტიმულატორით უნდა დაამუშაოთ, შემდეგ კი დასაფესვიანებლად ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ. სასურველია, დასაფესვიანებელ ტოტს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის პარკი დააფაროთ.