წალენიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე გზა“ მდგრადი განვითარების მარტის თვის პრიორიტეტული მე-15 მიზნის (SDG 15 - დედამიწის ეკოსისტემები) გათვალისწინებით დაგეგმა და განახორციელა ძალიან საინტერესო და სასარგებლო აქტივობა - კოლხური ბზის გამრავლების მიზნით თემში არსებული საოჯახო სანერგის მეპატრონესთან თანამშრომლობა. ამ მეტად საპასუხისმგებლო აქციის ორგანიზება კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ანა გოგოხიამ უზრუნველყო. მან მეგობრებს თავად უამბო, რომ მის ოჯახში წლების განმავლობაში უვლიან ეროვნული წითელი ნუსხის მცენარეს და შესთავაზა მათ სკოლაშიც ეცადათ ბზის გამრავლება. მოსწავლეებმა მოძიებული საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყვეს აღნიშნული მცენარის ისტორია: დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც რეფუგიუმებს უწოდებენ. ეს ის ადგილებია, სადაც სახეობა, ან ცოცხალ არსებათა ჯგუფი გადარჩა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში. ასე გადაურჩა 15 ათასი წლის წინანდელ გამყინვარებას კავკასიის რეფუგიუმში მარადმწვანე მცენარე - ბზა, რომელსაც გადარჩენის ადგილის მიხედვით, კოლხური ბზა (Buxus colkhica) უწოდეს. სამწუხაროდ, დღეს კოლხური ბზა გადაშენების პირასაა (წყარო: NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო).
ანას ხელმძღვანელობით, ეკოკლუბის რამდენიმე წევრი ეწვია გოგონას მშობლებს და გააცნო ეს ინიციატივა. ქალბატონი თამუნა კეთილგანწყობით შეხვდა მათ და სრული მხარდაჭერა გამოხატა ეკოკლუბ „მწვანე გზის“ იდეის მიმართ. ეკოკლუბის წევრებმა დაათვალიერეს ბზის ულამაზესი ბუჩქები, ასევე გარკვეული ინფორმაცია მოისმინეს მისი მოვლის შესახებ მეგობრის დედისგან.
რაც შეეხება ბზის დაკალმებას, ეს პროცესი სკოლის ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც ეკოკლუბის დანარჩენ წევრებს უკვე მომარაგებული ჰქონდათ პატარა ქოთნები და გაფხვიერებული მიწა მათი პირველი შვილობილებისთვის. დაკალმების სწორად წარმართვას ხელმძღვანელობა გაუწია სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა. ეკოკლუბელებმა ბზის ქოთნები სკოლის ტერიტორიაზე განათავსეს და შეთანხმდნენ მისი განვითარების პროცესის მუდმივ მეთვალყურეობაზე.