პლასტმასისგან დამზადებლი საყვავილეები გურიის სოფელ ქვაბღის სკოლის ეზოში

გურიაში, სოფელ ქვაბის სკოლის ეკოკლუბმა მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა სახელწოდებით: ,,დეკორატიული საყვავილეები სკოლის ეზოში“. პროექტის  მიზანი იყო შეგროვებული პლასტმასის ბოთლების, როგორც ნარჩენის  სასარგებლოდ გამოყენება, ასევე საკუთარი წვლილის შეტამა ნარჩენების შემცირებასა და ეფექტურად მართვაში.

 

მოსწავლეებმა პირველ რიგში  ერთობლივად დაგეგმეს სამუშაო. სკოლის ეზოში შეარჩიეს სასურველი ადგილი, სადაც გააკეთებენ დეკორატიულ საყვავილეებს.გადაინაწილეს სამუშაოები: მოსწავლეთა ნაწილმა ერთნაირი ბოთლები დაახარისხა, ნაწილმა ბოთლები წყლით გაავსო, რათა უფრო მყარი, გამძლე გამოდგეს და შეასრულოს კედლის ფუნქცია. ნაწილმა მიწის ნაკვეთები დახაზა სასურველ ფორმებად,ნაწილი ბოთლებს ამაგრებდა მიწაში. ჩამაგრებული ბოთლები ,,დეკორატიული ღობე“  მოსწავლეებმა შეღებეს სხვადასხვა ფერებში.

მასწავლებელი მოსწავლეთა მუშაობის პროცესს თვალყურს ადევნებდა და აძლევდა საჭირო რჩევებს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა. როცა სასურველი დეკორაციები დასრულდა, მოსწავლეებმა საყვავილეები შეავსეს  ნიადაგით. ნაწილი მიწა ურიკით მიზიდეს სკოლის ახლოს დასახლებული ოჯახიდან. მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობდნენ შეთანხმებულად.მუშაობის პროცესი იყო ნაყოფიერი და საინტერესო. მოსწავლეები ვერ მალავდნენ კმაყოფილებისა და აღტაცების ემოციებს, რაც გამოწვეული იყო მათი შრომის შედეგით.

ბავშვებმა სკოლის ეზოში მათ მიერ შექმნილ საყვავილეებში ჩარგეს გაზაფხულის ყვავილები: ნარცისი, ენძელა და ფურისულა. აღნიშნული ნერგები გადასცეს მშობლებმა. ასევე გადაწყვიტეს დანარჩენ საყვავილეებში ისეთი მცენარეები ჩარგონ, რომელიც კლიმატს ადვილად ეგუება. აღნიშნული მცენარეების დარგვის შემდეგ მოსწავლეებმა დაასუფთავეს და მოაწესრიგეს სკოლის ეზო.

 

ამ აქტივობით სოფელ ქვაბღის სკოლის მოსწავლეებმა მოუწოდეს საზოგადოებას, რომ ყოველდღიური ნარჩენი (ამ შემთხვევაში იგულისხმება პლასტმასის ბოთლები) შესაძლებელია გამოიყენო სასარგებლოდ ამით შეამცირებ ნარჩენს და იცავ გარემოს დაბინძურებისგან. ასევე იზრუნებ სასკოლო გარემოს კეთილმოწყობაზე მინიმალური ხარჯებით.