CENN–ის ფოტოტური ვაშლოვანის ეროვნულ პარკში (ვიდეო)

CENN-ის ორგანიზებით, მორიგი ფოტო–ტური მოეწყო ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. ფოტოინსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით ფოტო–ტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ამსახველი მეტად საინტერსო ფოტოები გადაიღეს. მოსწავლეებს აგრეთვე წარედგინათ ფოტო–კონკურს ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ის  თემა და პირობები CENN-ის პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’  რეგიონული კოორდინატორის მიერ. ფოტოტური ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ( ADC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. დაცული ტერიტორიების გაფართოების მიზნით 2003 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაარსდა (ფართობი – 25, 114 ჰა). საქართველოში პირველი სამი ბუნების ძეგლი: ალაზნის ჭალა, არწივის ხეობა და ტახტი-თეფა 2003 წელს სწორედ ვაშლოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. ეს არის შედარებით მცირე ზომის, მაგრამ განსაკუთრებული ბუნებრივი ფასეულობების მქონე ტერიტორიები. ალაზან-ივრი შაუამდინარეთში მდებარეობს ივრის ზეგანის უდიდესი ბრტყელი აკუმულაციური ვაკე, მისი სიგრძე 35 კილომეტრია, სიგანე 15 კილომეტრია – ესაა შირაქის ველი, რომელსაც საქართველოს პურის ბეღალსაც უწოდებენ. აქ გაზაფხულზე ბევრ ცხვრის ფარასაც შეხვდებით. აქ, სამხრეთის ძნელად მისადგომ ადგილებში, ჩვენი და უცხო სწავლულებისგან აღმოჩენილი და შესწავლილი მრავალი მცენარისა და ცხოველთა ენდემური სახეობაა. https://www.youtube.com/watch?v=px4-GROj2jM