თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი გარემოსდაცვით სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრაზე სამსახურის პრიორიტეტებზე, გამწვანების და ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ნინო სულხანიშვილის თქმით, სამსახურის მიერ ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქის მასშტაბით არსებული გამწვანებული თუ რეკრეაციული ზონების განვითარების, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაუმწვანებელი ტერიტორიების მასშტაბური განაშენიანების მიზნით და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა და სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება აუციელებელია.
„სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა, ქალაქსა და მის შემოგარენში სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად დაირგო 480 000 ნერგი, კეთილმოეწყო არაერთი სკვერი ქალაქის სხვადასხვა რაიონში, დამტკიცდა ასევე თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, მწვავე პრობლემად კი ისევ რჩება მავნებელ-დაავადებებისგან დაზიანებული ნარგავების ხმობა, რომელმაც თბილისის გარკვეულ უბნებში უკვე მასიური ხასიათი მიიღო. საშიში კერების გაზრდის პრევენციის მიზნით აუცილებელია უმოკლეს დროში დაიგეგმოს რეაგირების ეფექტური ღონისძიებები, რათა დროულად ჩატარდეს დაავადებული ხეების მოჭრის, გატანისა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლების სამუშოები, რისთვისაც ჩვენი რესურსი საკმარისი, სამწუხაროდ, არ არის და ამ პროცესში საზოაგადოების დახმარება მნიშვნელოვანი იქნება - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.
შეხვედრაზე სტრატეგიული ხედვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების საკითხზეც იმსჯელეს. როგორც ნინო სულხანიშვილმა აღნიშნა, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 -ის დამტკიცების შემდეგ უკვე დღის წესრიგში ქალაქის სამოქმედო გეგმის შემუშავება დგას, რაც მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალიწინებით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში იქნება შესაძლებელი.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს გაეზარდოს უფლებამოსილება გარემოსდაცვითი ფუნქციების დამატებით, რაც სამსახურს გარემოს ცალკეული კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ხმაური) სისტემური მონიტორინგისა და შედეგების გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრაზე საუბარი გამწვანების ღონისძიებებსა და, ასევე, ხეების მოჭრის ნებართვებთან დაკაშირებით საზოგადოების პრეტენზიებსაც შეეხო. ნინო სულხანიშვილის თქმით, თბილისის ზღვასთან, ტყე-პარკის გაშენების მიზნით, დარგული მცენარეების ზომა აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტს, მცენარეთა სახეობები კი აგროტექნიკური ნორმების სრული დაცვითა და სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად არის დარგული. რაც შეეხება ჯანსაღი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვების გაცემას, ნინო სულხანიშვილის განცხადებით, სამსახური აღნიშნული საკითხის მიმართ უპრეცენდენტოდ პრინციპული იქნება და უკიდურესი აუცილებლობის გარდა სამსახურის მიერ მსგავსი ნებართვის გაცემა არ მოხდება.
შეხვედრის მონაწილეები შეხვედრების მსგავს ფორმატში პერმანენტულად გამართვისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.