პრემიერი: მოქალაქეთა ნაწილი ჰესების წინააღმდეგია, მაგრამ მეტი ენერგია გვჭირდება

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის პრეზენტაციისას ყურადღება ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც გაამახვილა. პრემიერის თქმით, ყველა პროექტი რომელიც ქვეყანაში ხორციელდება შესწავლილია და ის გარემოს არ აზარალებს.

"აქვე მინდა შევეხო ერთ ძალზე მგრძნობიარე საკითხს: მოქალაქეთა ნაწილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. მსურს კარგად განვუმარტოთ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია: იმისათვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ დავრჩეთ, განვითარებული ინდუსტრია, მატერიალური რესურსები, შესაბამისად, მეტი ენერგია გვესაჭიროება. ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა შეუძლებელია ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების გარეშე. ამის გარეშე წარმოუდგენელია ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, შესაბამისად - მოქალაქეების კეთილდღეობა და ქვეყნის დამოუკიდებლობაც კი. ჩვენ ვცდილობთ განვითარება შევუთავსოთ თანამედროვე მსოფლიოს პროგრესულ გარემოსდაცვით ტენდენციებს. ვეძებთ ენერგეტიკული დივერსიფიცირების გზებს. სადაც ეს შესაძლებელია, ვაპირებთ ავამუშაოთ ენერგიის ალტერნატიული წყაროები. ასევე, უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული რესურსი. მაგრამ ანალიზის შედეგად აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობაზე უარს ვერ ვიტყვით. ალტერნატივა, როგორც მოგახსენეთ, არის მხოლოდ განვითარებაზე. ხაზს ვუსვამ: ჩვენ ძალზე ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორებს. არც ერთი პროექტი არ ხორციელდება წინასწარი შესწავლის, უმაღლესი რანგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზის გარეშე. ყველა შემთხვევაში დაცული იქნება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები. მერწმუნეთ, მე კარგად ვიცი, რომ ჩვენი ბუნება, საარსებო სივრცე არა უბრალოდ ლამაზი ხედებია, არამედ გარემო, რომელიც ინახავს ისტორიას, რომელიც გვსურს მოვლილი დავუტოვოთ შვილებს. ამიტომ გარემოს დაცვის საკითხები ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა გახდეს მისაბაძი ნიმუში გარემოს სფეროში მიღწეული წარმატებებით. ახლახან ვესწრებოდი გაეროს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პარიზის კონფერენციას მსოფლიოს ლიდერების მონაწილეობით. ყველა ვაცნობიერებთ, რომ კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ. 2013 წელს, 30 წლის შემდეგ პირველად, გამოვყავით თანხები ტყის ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. დაიწყო სატყეო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. სრულად აღდგა 2008 წელს ომის შედეგად განადგურებული ბორჯომის ხეობის ტყის პრიორიტეტული მონაკვეთი. შევიმუშავეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, ,გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების დეტალური საგზაო რუკა“. კანონმდებლობა დავუახლოვეთ ევროკავშირის სტანდარტებს. შევიმუშვეთ ,,ნარჩენების მართვის კოდექსი.“ მომავალი წლიდან ამოქმედდება ჰაერისა და წყლის ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ევროკავშირთან ჰარმონიზებული სისტემა",-განაცხადა პრემიერმა.