გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილეებსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასათან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში ბუნების დაცვის
მსოფლიო ფონდის (WWF ) კავკასიის ოფისისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. დაინტერესებულ მხარეებს შორის შეხვედრა პონტოს მუხის (Quersus pontica) დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლო გზების განხილვის მიზნით გაიმართა.
განხილვაში მონაწილეობას იღებდა აჭარაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი ირაკლი მიქელაძე.
ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც ბუნებრივი გარემოს კონსერვაციის, კვლევებისა და აღდგენის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირდება სამი ბუნებრივი ზონის კონსერვაციაზე, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების უმეტესი ნაწილი: ტყეები, მტკნარი წყლის ეკოსისტემები, ოკეანეები და სანაპიროები.
WWF კავკასიის პროგრამის ოფისის მიმდინარე აქტივობა მოიცავს პონტოს მუხის დაცული ტერიტორიის შექმნის ხელშეწყობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. პონტოს მუხა, როგორც მესამეული რელიქტი სახეობა, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები კონცენტრირებულია შედარებით დიდ ფართობზე (დაახლოებით 500 ჰა) არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში; აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის რესურსებით არამდგრადი სარგებლობის შედეგად საფრთხე ექმნება პონტოს მუხის ეკოსისტემას და შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს მუხის ამ უნიკალური კორომებისათვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სამომავლოდ ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შემუშავდება.
პრეზენტაციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ზაზანაშვილი, , თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წარმომადგენელი ანზორ გოგოთიძე, გურიის სატყეო სამსახურის უფროსი კახაბერ ღლონტი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.