26 იანვარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბელებმა დაგეგმილი პროექტის ფარგლებში განახორციელეს კომპოსტირების აქცია. აქტივობის მიზანი გახლდათ სასკოლო საზოგადოებამ ნახოს პრაქტიკულად, რომ ბაღში არსებული ორგანული ნარჩენების კომპოსტირების გზით შესაძლებელია გარემოს დაბინძურების შემცირება. ზემოთაღნიშნული აქტივობის განსახორციელებლად შეირჩა სკოლის ეზოს უკანა მხარე.
ეკოკლუბელებმა წინასწარ დაიჭირეს თადარიგი. ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში აგროვებდნენ კომპოსტირებისათვის საჭირო მასალებს. მათ გადაწყვიტეს, რომ კომპოსტერი დაემზადებინათ შემოღობვის მეთოდით. ამისთვის ეკოკლუბელებმა გამოიყენეს თხილის ბაღებში მათი ბუჩქების გაწმენდის გზით მიღებული შოლტები და სარები. ასევე, მათ საკომპოსტე ნაყარისთვის შეაგროვეს თავიანთ ეზოებში არსებული ფოთლები, თივა, სამზარეულოს ნარჩენები, ნაცარი, მცირე ზომის ტოტები. ეკოკლუბელებმა საკომპოსტე ადგილზე მიწა ოდნავ დათხარეს, დაახლოებით 15-20 სმ სიღრმეზე. ამის შემდეგ დაიწყეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შემოღობვა. საკომპოსტე ნაყარი მასში მოათავსეს ფენებად. ეკოკლუბელებმა საკომოსტე ფენებს დაამატეს მცირეოდენი წყალი და მიწა.
მათი თქმით, მიწის დამატება ხელს უწყობს მიკრობების აქტივობას და საკომპოსტე მასალის დაშლას. ეკოკლუბელებმა იციან რომ კომპოსტირების პროცესზე გავლენას ახდენს: ორგანული მასალები, მოცულობა, აერაცია, ტენიანობა, ზედაპირის ფართობი და ტემპერატურა. მათ საკომპოსტე ნაყარს გადააფარეს პოლიეთილენის პარკი სითბოს შენარჩუნების მიზნით. თუმცა, კომპოსტირების პროცესი სკოლაში გაგრძელდება. შემოღობილი ფართი კიდევ საკმაო ნარჩენს დაიტევს. ეკოკლუბელები კლასის დამრიგებლებთან ერთობლივი მუშაობით ჩართავენ პროექტში სხვა მოსწავლეებსაც. ისინი მიიღებენ მონაწილეობას კომპოსტერის ამოვსებაში. მიღებულ კომპოსტს ეკოკლუბელები გამოიყენებენ სკოლის ეზოში არსებული ყვავილნარის მიწის გამდიდრებისა და გაუმჯობესების მიზნით.
ეკოკლუბელები პროექტის ფარგლებში გეგმავენ დაბეჭდონ ბუკლეტები, დაარიგონ თემში და მსურველებს დახმარებაც კი გაუწიონ კომპოსტირების პროცესში. ამით ისინი ფიქრობენ რომ ხელს შეუწყობენ სოფელში კომპოსტირების კულტურის გავრცელებას. იგი უაღრესად სასარგებლო იქნება როგორც გარემოს დაცვისათვის, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისათვის.