ქალაქ ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის ფარგლებში ,,გარემოზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვაა“ - მოეწყო სკოლის ეზოს გამწვანების აქცია. პროექტი ითვალისწინებდა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას სწავლების სამივე საფეხურზე. სკოლის მოსწავლეებმა გაამწვანეს სკოლის ეზო. ასევე, გაკეთდა პატარა სკვერი, დაირგო მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეები და ყვავილები.
აღნიშნული აქტივობები წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკული ნაწილს: მაკულატურის შეგროვება, სკოლის ეზოს დასუფთავება, გამწვანება. პროექტის ხელმძღვანელების თქმით, ეს აქტივობები პერმანენტულად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გაზრდას სკოლის მატერიალური ბაზისა და მისი გარემოს მიმართ, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სკოლის ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემები, მდგრადი განვითარება, ნარჩენების მართვა, ატმოსფეროს დაბინძურება, ხე-ტყის, წყლის რესურსების ოპტიმალური გამოყენება, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობა. შეიძინეს თეორიული ცოდნა, გააცნობიერეს, რომ გარემო ჩვენი მაცოცხლებელი ადგილია, თუ ვიცხოვრებთ ჯანსაღ გარემოში, ჩვენც ჯანმრთელები ვიქნებით, გაიაზრეს ის მარტივი ჭეშმარიტება, რაც პროექტის სახელწოდებად იყო აღებული - ,,გარემოზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვაა!“