ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ეწვივნენ მათ ქალაქში მდებარე სოციალურად დაუცველთა უფასო კვების ობიექტს. მოსწავლეებმა სანამ ამ აქტივობას განახორციელებდნენ პირველად გაიგეს აღნიშნული ობიექტის არსებობის შესახებ, გაარკვიეს თუ სად მდებარეობდა იგი და შეუთანხმდნენ შესაბამის პირებს ვიზიტის შესახებ. ეკოკლუბელებმა წინასწარ დაიჭირეს თადარიგი, მოიმარაგეს ერთჯერადი ქუდები და ხელთათმანები, რომელსაც გამოიყენებდნენ კვების ობიექტზე. ასევე, დაამზადეს სასაჩუქრე ნობათები, რომელიც შეიცავდა მათი ოჯახის შინამეურნეობიდან მოწეულ ციტრუსებს და ხილს.
მოსწავლეები მოხალისედ ჩაერთვნენ სოციალურად დაუცველთა პირთათვის საკვებით უზრუნველყოფის საქმიანობაში. ისინი იქ მისულ ადამიანებს სთავაზობდნენ მათ მიერ მოტანილ საახალწლო საჩუქრებსაც, რომელმაც დიდი მადლიერება და სიხარული გამოიწვია.
მოსწავლეებმა გაარკვიეს, თუ რამდენ ადამიანს ემსახურება აღნიშნული ობიექტი, ნახეს მათი კვების მენიუ და იქ არსებული მდგომარეობა. კოვიდპანდემიის შემდეგ ადგილზე არ ხორციელდება კვება, არამედ თითოეულ პირს თავისი ულუფა მიაქვს შინ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ეს ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო. შამგონელი ეკოკლუბელები მომავალში კვლავ შეეცდებიან მსგავს აქციებში ჩართვას.