რუსთავის N14 სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და მასზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანის მიზნით მოაწყვეს კომპოსტირების აქცია. ბავშვებმა მოაგროვეს სტაფილოს, ჭარხლის, კომბოსტოს ნარჩენები და მიიტანეს სკოლაში.
მანამდე აქტივისტებმა დაბარეს სკოლის გარკვეული ნაწილი მწვანე ნარგავებისთვის. მე-5 კლასელებმა ამ დაბარულ ტერიტორიაზე მოგროვილი ორგანული ნარჩენები დაყარეს, შემდეგ დანამეს წყლის საშუალებით, ასევე დააყარეს ფოთლებიც. შემდეგ დააფარეს ცელოფნის პარკი, შემოულაგეს გარშემო მყარი მასალა, რომ ქარმა არ გადააგდოს და მოამზადეს საგაზაფხულოდ მწვანე ნარგავების დასათესად.
რუსთაველმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ კომპოსტი, როგორც ორგანული სასუქი, ხელს უწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობის ზრდას, ამარაგებს მას საკვები ნივთიერებებით და აუმჯობესებს მის ფიზიკურ თვისებებს.