ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის სკოლის ეკოკლუბ ,,მეტამორფოზას" წევრებს ძალიან უნდოდათ სკოლის ეზოში მათი ხელით შექმნილი საახალწლო ნაძვის ხე დაედგათ. დიდი ფიქრის შემდეგ კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ამისათვის პლასტმასის ბოთლები გამოეყენებინათ. ვინაიდან "ნაძვისთვის" ბევრი ერთნაირი ბოთლი სჭირდებოდათ, ბოთლების შესაგროვებლად მდინარე ხანისწყლისა და რიონის სანაპიროებზე წავიდნენ.
ბავშვებმა ნაძვისთვის სხვადასხვა ზომის ბოთლებიც იშოვეს და თან მდინარეთა სანაპირობიც დაასუფთავეს შეძლებისდაგვარად. შემდეგ დაიწყეს მზადება: დაახარისხეს ბოთლები და გაინაწილეს საქმე იმის მიხედვით, ვის რისი კეთება შეეძლო. ამაში მთელი სკოლა ჩაერთო.
ნაძვის ხეს აუცილებელად სჭირდებოდა საყრდენი. ამაში კი ძველი საბურავები და ხის მსხვილი ტოტი გამოიყენეს. დაიწყეს ბოთლების თოკზე დამაგრება. ნაძვის ხის კეთების პროცესში გუნდურადაც ითამაშეს. ვის გაუგია ნაძვი ვარსკვლავის გარეშე? ამიტომ საახალწლო ნაძვსაც გაუკეთეს პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ვარსკვლავი. ბოლოს დაასუფთავეს ნაძვის ხის ირგვლივ ტერიტორია და ფოტოებიც გადაიღეს.