მსოფლიოში უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ისინი უმეტესად განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ. შიმშილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ეს შეიძლება იყოს ადამიანის არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია იმუშაოს და მოიპოვოს საკვები, ან გვალვამ, წყალდიდობამ და სხვა სტიქიურმა მოვლენამ მათი ნამუშევარი გაანადგუროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მშიერ ადამიანთა რიცხვი მომდევნო წლებში რამდენიმე მილიონით გაიზრდება.
აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მაგნოლიას" წევრებმა შეაგროვეს საკვები და მოინახულეს შეჭირვებული მეზობელი ქალი. მისი ოჯახის 9 წევრი პანდემიამ შეიწირა და დიდ გაჭირვებაში უწევს ცხოვრება. იმის გამო, რომ ქალბატონს აქვს დიაბეტი და სხვა დაავადებები, ვერ ახერხებს მუშაობას. მას არავინ ჰყავს რომ დაეხმაროს.
ეკოკლუბ "მაგნოლიას" წევრები მსგავს აქციებს მომავალშიც აპირებენ. ბავშვებს სურთ, რომ ქველმოქმედება მათი ცხოვრების ნაწილი გახდეს და დედამიწაზე არავის შიოდეს!