მესხეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას - ფოთლების დაწვას. ჩატარებული პრეზენტაციის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებში მდგრადი განვითარების, გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტერესის გაზრდა.
როგორც ცნობილია, ფოთლების დაწვით, იზრდება ხანძრების საფრთხე სულ პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი უწყინარი კოცონი კატასტროფად იქცეს. აგრეთვე იზრდება ჰაერის დაბინძურება მომწამლავი კვამლით, რომელიც კანცეროგენებს და ტოქსინებს შეიცავს, რაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ეკოკლუბელებმა გაარკვიეს, რომ ფოთლების თავიდან მოსაცილებლად ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამართლებული გზა მათგან კომპოსტის დამზადებაა. ამ გზით ფოთლები — ორგანული მასალა ბუნებრივად იშლება, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფისა და ხანძრის გაჩენის გარეშე და საბოლოოდ, ეფექტიანი და ჯანსაღი სასუქის მიღება და მიწის განაყოფიერება შეიძლება.