წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის ტყეებში წიწვოვანი ხეები ყოველწლიურად უკანონოდ იჭრება მოსახლეობის მიერ. ტყის რეგულარული ჭრის მიზეზი მოსახლეობის დაბალი შემოსავლები და ალტერნატიული ენერგიის რესურსების შესახებ ცოდნის დაბალი დონეა. სოციალურად დაუცველი და მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა ზამთრის თვეებში გათბობის ერთადერთ საშუალებად შეშის ღუმელებს იყენებს. გათბობის სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ. ალტერნატიული ენერგოგამათბობლების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არაა. ყოველ ზამთარს აქაურებს ორი ალტერნატივა აქვთ: სიცივე ან ბრაკონიერობა.
პრობლემის ირგვლივ
სოფელი გუმბრინი ქუთაისი-ბანოჯა-გუმბრინი-ხომულის გზის მონაკვეთზე მდებარეობს. აქ ოფიციალური სტატისტიკით 1600 კომლი ცხოვრობს. სასოფლო სამეურნეო თვალსაზრისით, განვითარებული არაა. აგრო-მეურნეობის გასავითარებლად სოფელს მწირი ნიადაგი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიმცირე უშლის ხელს. საბჭოთა წარსულში გუმბრინის მოსახლეობა სახელმწიფო საწარმო „სამთო ქიმიის“ გუმბრინის მიწის წარმოებით იყო დასაქმებული. საბჭოთა ეკონომიკის მოშლის შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობა ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების გზავნილებით ირჩენს თავს. მწირი შემოსავლების გამო, გუმბრინელების უმრავლესობა ზამთარში გასათბობად ბრაკონიერული წესით მოპოვებული შეშით ათბობს საცხოვრებელ სახლებს. ელექტროენერგიით გათბობა კერძო სახლებში დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, შედარებით იაფი გათბობის რესურსი - ბუნებრივი გაზი - გუმბრინელებისთვის მიუწვდომელია გაზის მაგისტრალის არარსებობის გამო. წიწვოვანი ტყის კორომი, რომელსაც ახლა მოსახლეობა ჭრის, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ხელოვნური განაშენიანების მეთოდითაა შექმნილი. ამ შემოგარენისათვის მწირი, კირქვოვანი ნიადაგების გამო ბუჩქნარ-ფოთლოვანი ტყეებია დამახასიათებელი. წიწვოვანებმა, რომლებიც ნებისმიერ ნიადაგს ეგუებიან, კარგად გაიხარეს და ათეული წლებია, გუმბრინის მწვანე საფარს ქმნიან.
რატომ იჩეხება ტყე?
ქეთინო ფანცხავა: „გუმბრინის წიწვოვანი ტყეების გაშენება მეც მახსოვს. შეიძლება ითქვას, რომ პიონერების ხელითაა გაშენებული. ამ არეალისთვის დაბალტანიანი ფოთლოვანი ტყეებია დამახასიათებელი, ნიადაგები მწირია და ფოთლოვანი ტყე დიდ ტანს ვერ იკეთებს. სამაგიეროდ, წიწვოვანი ხეები ხარობენ სწრაფად. ტყე, რომელსაც თქვენ ხედავთ, გუმბრინში წარმოების დასახლების პარალეურად გაშენდა და კარგადაც გაიხარა. ამ წიწვოვანი ტყეების ახლოს ერთ დროს ფეხბურთის საწრთვნელი ბაზა: კოტეჯები და სტადიონიც ფუნქციონირებდა. ამ სტადიონს პატრონი რომ ჰყავდეს, ახლაც კარგი ტურისტულ-რეკრიაციული ზონა გამოვიდოდა. მაგრამ მოსახლეობა ტყეს აქტიურად ჭრის და, თუ ასე გაგრძელდა, ტყისგან მხოლოდ გადაჭრილი მორებიღა დარჩება.“
სოფო ჩეგიანი, სოფლის მცხოვრები: „ზამთარში შეშის გარდა სხვა გათბობის საშუალება ჩვენთვის არ არსებობს. კერძო სახლების ელექტროენერგიით გათბობა ძვირი ჯდება. ვისაც საკარმიდამო ნაკვეთებში გვაქვს ხმელი შეშის ამოკაფვის შესაძლებლობა, ვჭრით და ვწვავთ. მაგრამ, თუ ოჯახს ასეთი ხმელი შეშა არა აქვს, აბა, რა უნდა ქნას? სოფელში გაზი შემოყვანილი არაა. ერთი ზამთრისათვის საჭირო შეშა 500 ლარამდე უჯდება ოჯახს. ბუნებრივი გაზი რომც გვქონდეს, ალბათ, შეშას მაინც გამოვიყენებთ. სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას იმდენად დაბალი შემოსავლები აქვს, რომ გაზისა და დენის ხელგაშლილად ხარჯვას მაინც ვერ შეძლებს.“
დაუცველი ტყე დაცულ ტერიტორიებს შორის
გუმბრინის ტყეებს კიდევ ერთი მიზეზით დააწვა უკანონო მჭრელების რისხვა: იგი, პრაქტიკულად, ორ დაცულ ტერიტორიას შორის მდებარეობს: სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეების დაცულ ტყეებს შორის. დაცულ ტერიტორიებს სახელმწიფო გაძლიერებულად იცავს. თანაც, გუმბრინის ტყეები საავტომობილო გზასთან ძალიან ახლოსაა და ბრაკონიერები უმოკლეს დროში ახერხებენ ნაძვების მოჭრას, მანქანაზე დატვირთვას და გაუჩინარებას. ინსტიტუციონალურად გუმბრინის სათემო ტყესაც იცავს სახელმწიფო - სატყეო სააგენტოს მეშვეობით. მაგრამ დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჭარბმოსახლიან სოფლებში მხოლოდ სატყეო სააგენტოს მეტყევე, რომელსაც სამოქმედო ზონაში რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყე აბარია დასაცავად, ძლიერი სადამსჯელო ინსტიტუტი ვერაა.
გეგი ნიჟარაძე, ყოფილი მეტყევე: „ამ არეალში თითქმის ერთი წელი ვიმუშავე მეტყევედ. მოგეხსენებათ, მეტყევის საქმე ტყის ბრაკონიერებისგან დაცვაა. ერთი შეხედვით ადვილია: უნდა გამოავლინო უკანონო ტყის მჭრელი. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, აქ კანონიერ ჭრას ვერავინ ვერ განახორციელებს, თუ საკუთარ საკარმიდამოში არ მოჭრა ხმელი ხე. სამეურნეო ჭრისთვის გამოყოფილი უახლოესი ტყეები სხვა საკრებულოს სოფლებშია: ცხუნკურში და ყუმისთავში. მაგრამ, ეს დაშვებული ჭრის ზონები ისეთ ადგილებშია, რომ მანქანით ვერ გამოიტან და მოჭრასაც აზრი არ აქვს. გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის ზამთარი ისეთი განსაცდელია, რომ ადამიანი, ძალაუნებურად, გააზრებულ რისკზე მიდის, რომ ოჯახი გაათბოს. გათბობის ერთადერთი წყარო შეშაა. მოსახლეობას, ბრაკონიერობის გარდა, არჩევანიც არა აქვს. ჩემი დაკვირვებით, იმერეთის სოფლებს (ქუთაისის შემოგარენში), სადაც მოსახლეობა აქტიურად ცხოვრობს, ტყის მასივების გაჩეხვას ჯარიმა და სადამსჯელო ზომები ვერ შეაჩერებს. მოსახლეობას ჯერ, შეშის გარდა, გათბობის სხვა საშუალება უნდა მივცეთ და მერე უნდა გავამკაცროთ ზომები. ჩემი აზრით, მოსახლეობას უნდა ვასწავლოთ იმ ტექნიკის არსებობის შესახებ, რომელიც ჩაანაცვლებდა შეშას. მაგალითად, ბიო-გაზის დანადგარი, მზის წყლის გამაცხელებელი. თუ ოჯახს ეს ორი მოწყობილობა აქვს, ის ბევრად ნაკლებ შეშას მოჭრის. ჩვენს სოფლებში ამ ტექნიკის შესახებ ადამიანებს მხოლოდ ტელევიზორიდან სმენიათ. მე მგონი, სატყეო დეპარტამენტი და გარემოსდამცველი სტრუქტურები მცირე გრანტების სახით უნდა გასცემდნენ ასეთ ტექნიკას. სანაცვლოდ კი, გრანტის მიმღებს ტყის მოვლისა და დაცვის შრომითი ვალდებულება უნდა დააკისრონ: მაგალითად, ტყეში არსებული ნერგების განსაზღვრულ არეალში გადარგვა და მოვლა გარკვეული დროით. სოფელში 2 ოჯახშიც რომ გაიცეს ასეთი გრანტი: წყლის გამათბობელი და ბიო-გაზის მოწყობილობა, ეს საერთო სურათს მალე შეცვლის. სულ მალე ყოველ მეორე ოჯახში შეიძენენ ამ ტექნიკას. რატომ? - წამხედურობის გამო.
სატყეო დეპარტამენტი: არსებობს თუ არა გამოსავალი?
რას შეცვლიდა ენეგროეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა?
მერაბ ბარათაშვილი, ექსპერტი: „სასოფლო ტყეების ჭრა საქართველოში ძველი პრობლემაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მოსახლეობით აქტიურ სოფლებში. საქართველოს ტყის სახით დიდი რესურსი აქვს, მაგრამ, ჩვენი მოსახლეობა დაუდევრად და გაუნათლებლად ეპყრობა მას. ტყის ბრაკონიერულ ჭრებში ბევრი ფაქტორი და პრობლემა იკვეთება: ტყეს აქვს ის ხმელი რესურსი, რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ მოსახლეობას ურჩევნია საკუთარ სახლთან ახლოს უცებ რომ მოჭრას, და სახლში უცებ მოიტანოს, სანამ ჭრის ფაქტზე დაადგებიან და დააჯარიმებენ. ამიტომ, სოფლებთან ახლოს ნედლი ტყე იჭრება, და იქ, სადაც საჭიროა გამოხშირვა, შორია და ვერ ვჭრით. ფაქტია, მეტყევეს ძალიან უჭირს ამ პროცესის შეჩერება, სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ტრაგიკული ფაქტიც დაფიქსირდა; მორიგი რეიდის დროს მეტყევე მოკლეს ბრაკონიერებმა. ტყე ისეთი ფენომენია, ადამიანში დადებით ინსტიქტებსაც ავლენს და ველურსაც: მეტყევემ ფაქტზე წაუსწრო ტყეში ბრაკონიერს და მოკლეს. ტყეს რომ ცუდად ვეპყრობით, ეს ფაქტია: მაგრამ, მოსახლეობას რომ სჭირდება საწვავი, ესეც რეალობაა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით და არ გვინდა ვიცოდეთ ის ალტერნატივები, რაც დღეს არსებობის აღდგენითი ენერგორესურსების შესახებ. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი საოჯახო ღუმელების უმრავლესობა შეშით მიღებული სითბოს 70%-ს არა შენობის გასათბობად, არამედ გარეთ უშვებს საკვამურით. საშუალოდ, ერთ ოჯახს ზამთარში ერთი დიდი ზომის ხე მაინც სჭირდება გასათბობად. ამ ხის ზრდასრულ ასაკამდე მისაყვანად ბუნებას 30-40 წელი სჭირდება. ჩვენ კი იმას, რასაც ბუნება გვაძლევს, უყაირათოდ ვხარჯავთ.
- როგორ ჩავანაცვლოთ შეშის ღუმელი?
- ღუმელი, რომელიც ჰაერს არ არეგულირებს, გაცილებით მეტ შეშას წვავს და, სადაც შეშა შეუცვლელი საწვავია, ის უფრო ეკონომიურ ღუმელში უნდა დავწვათ და აუცილებლად გამოვიყენოთ მშრალი შეშა, მეტი სითბოს მისაღებად. თითოეული ოჯახი უნდა დაფიქრდეს, როგორ დაზოგოს ენერგია (შეშა, დენი, გაზი) და მასთან ერთად - ფულიც. და თუკი ბევრი ფული გვაქვს, მაშინაც უნდა დავზოგოთ, რადგან ამით დავზოგავთ დედამიწის ენერგორესურსებს, რომელიც, რა თქმა უნდა, ამოუწურავი არაა. გარდა ამისა, საქართველოში თითქმის ნულია წყლის ჰელიო-გამათბობლების გამოყენება, მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი თურქეთი ჰელიო-გამათბობლების მომხმარებელთა მსოფლიო ხუთეულში შედის. მზის ენერგიის ელექტრო-სისტემები ჯერ კიდევ ძვირი ტექნოლოგიაა. მაგრამ, მზის წყლის გამათბობლები აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ფასის მიხედვით - ერთი პრესტიჟული მობილურის ფასია. ჩვენი მომხმარებელი შეიძენს მობილურს, რომლის ფუნქციების 30%-ს თუ გამოიყენებს ყოველდღიურად, აი, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს არ შეიძენს. რატომ? ფული არა აქვს? - არა, მოთხოვნილება არა აქვს! მოსახლეობას რომ ჰქონდეს ხედვა, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდეს გარემოს, როგორ უნდა შეამციროს სათბური გაზების გამოყოფა, რამდენად ეკონომიურია ეს და რამდენად სასარგებლოა საერთო გარემოსათვის.
- ალბათ, საგანმანათლებლო ქმედებებია საჭირო...
- სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ტრენინგების ჩატარება და თეორიული სწავლება, არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება. მე საქართველოში ვერ ვხედავ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების შედეგს. გარემოზე ზრუნავენ ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოებები. არსებობს ევროკავშირის ინიციატივა, რომელსაც „მერების შეთანხმება“ ჰქვია. ესაა თვითმმართველობების ინიციატივა - იზრუნოს სათბური აირების შემცირებაზე, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, თუ რამე კეთდება ამ მხრივ. „მერების შეთანხმების“ ფარგლებში თვითმმართველობა ფიქრობს და აანალიზებს საზოგადოებრივი შენობების ენერგოდანახარჯებს: იღებს ზომებს, რა კუთხით უნდა მოხდეს შენობის ხარჯების შემცირება და რა ტექნიკური გადაიარაღებაა საჭირო ამისათვის. ევროკავშირი ინიციატივაში ჩართულ ქალაქებს და სოფლებს (ამას მერების შეთანხმება ჰქვია, თორემ ეს რეალურად თვითმმართველობების ინიციატივაა) ტექნიკურ დახმარებას ჰპირდება. მოსახლეობის დონეზე აუცილებელია სადემონსტრაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ენერგოეფექტურობა „მოდური“ გახდეს.
- როგორ ფიქრობთ, „ტყისმჭრელ სოფლებში“ საგანმანათლებლო პროექტი - სადემონსტრაციო მინიგრანტებით (ენერგოეფექტური ტექნიკის გრანტის სახით გაცემა) რამდენად ეფექტური იქნება?
- დემონსტრირება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა ნამდვილად წაადგება ამ პროცესს.
პრობლემიდან გამოსავალი: გუმბრინის მოსახლეობაში ალტერნატიული ენერგიის რესურსების სადემონსტრაციოდ დანერგვა ეკოლოგიური ხედვის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში გუმბრინში მცხოვრებ 25-მდე მრავალსულიან (5 და მეტ სულიან, მცირე შემოსავლებით) ოჯახს, წინასწარ შეთანხმებული სოციალური აქტივობის სანაცვლოდ, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლებს დავუმონტაჟებთ. ამ გამათბობლების სანაცვლოდ კონკურსის წესით შერჩეული ოჯახები პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებულ ადგილებში დარგავენ წიწვოვან ხეებს და იზრუნებენ მათ მოვლასა და გახარებაზე. წიწვოვანი ხეების ნერგები უხვადაა თავად გუმბრინის ტყეებში.
სხვათა შორის, სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო წლებში, იმერეთში ორჯერ გაიზარდა ტყის უკანონო ჭრის მაჩვენებლი და 2013 წელს 1182 კუბი მეტრი შეადგინა (2012 წელს ეს მაჩვენებელი 571 კბ.მ იყო.); საქსტატის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ტყის აღდგენის, დარგვისა და განახლების თვალსაზრისითაც, არაფერი გაკეთებულა.
ელისო გოლეთიანი, psnews.ge