ეკო-გაკვეთილი დიღმის ჭალებში (ვიდეო)

113-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბენეფიტების“ ინიციატივით, მე-11, მე-10 და მე-9 კლასელებს ბიოლოგიის გაკვეთილი არაფორმალურ, ღია სივრცეში ჩაუტარდათ. კონკრეტულად, ეკო-გაკვეთილი ჩატარდა დიღმის ჭალებისა ტერიტორიაზე. მოსწავლეებსა და მასწავლებელს გიდობა გაუწია ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომელიც თავად აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. გაკვეთილი მიზნად ისახავდა უკანონო ნაგავსაყრელების შესახებ აქტივობათა სერიის გაგრძელებას და სკოლიდან მიღბული ეკოლოგიური ცოდნის/გამოცდილების პრაქტიკაში ინტეგრირებას. ეს უკანასნელი კი, ემსახურება სკოლის როლისა და წვლილის გაზრდას, გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში.

ეკო-გაკვეთილი ძალიან მრავალფეროვანი გამოდგა, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ბიომრავალფეროვნების, კვებითი ჯაჭვის, ბუნებასთან და გარემო პირობებთან ადაპტირების, სხვადასხვა გამორჩეული მცენარისა თუ გადამფრენი ფრიველის განსაკუთრებული ნიშნებისა და თვისებების შესახებ. ყველაზე საინტერესო, ამ პროცესში იყო იმის ნახვა და გააზრება თუ როგორი შესისხლხორცებულია ბუნება ანთროპოგენური ჩარევის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან. მოსწავლეებმა ნახეს ქვა-ღორღის უკანონოდ მოპოვების შედეგად წარმოქმნილ ღრმულებში გაჩენილი ტბორები, უკანონოდ დაყრილი რეზინის საბურევების ქვეშ მცხოვრები ქვირითი და თავკომბალები, უკანონო ნაგავსაყრელის გაუდაბნოებული ნიადაგიდან აღმოცენებული მხოლოდ რამდენიმე, დაბალღეროიანი, სახეცვლილი მცენარე და ა.შ. 

გაკვეთილის მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდა ინერტული  სამშენებლო მასალებით, გარემოს დაბინძურების პრეცენდენტზე. სამშენებლო ნარჩენების დაყრის მძიმე შედეგები მოსწავლეებმა ადგილზევე იხილეს: მავნე მასალების ზემოქმედებით დეგრადირებული ბუნება; უნაყოფო, უსიცოცხლო ნიადაგი და საფრთხის ქვეშ მოქცეული მოწყვლადი სახეობები.

ამ რეალური, შეულამაზებელი სურათის საშუალებით მოსწავლეთათვის ნათელი გახდა თუ რამდენად სასტიკი ზეგავლენა აქვს ადამიანის პატარა შეცდომასაც კი, ცოცხალ გარემოსა და მის ბინადრებზე.