სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეგრისის" წევრები აგრძელებენ გამწვანების აქციების ციკლს. ამჯერად გამოჩნდა კიდევ ერთი ქველმოქმედი, სკოლის სპორტის მასწავლებელი ირაკლი ჯალაღონია, რომელმაც საკუთარი სანერგიდან ეკოკლუბელებს და სკოლას უსასყიდლოდ გადსაცა ნაძვის ნერგები.
მუხურის სკოლის სასკოლო საზოგადოების თითქმის ყველა წევრი ჩაება დარგვის პროცესში. ყველას გათავისებული აქვს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილების ეპოქაში გამწვანებას, თუნდაც ერთი ხის დარგვას. ამასთან კლუბის წევრებმა აუხსნეს პატარებს, რომ ახლადდარგული ნერგი მოითხოვს ყურადღებას, ყოველდღიურ მორწყვას, მითუმეტეს სკოლის ეზოს ნიადაგი არ გამოირჩევა მაღალნაყოფიერებით.
ბავშვებმა თითო ნერგზე აიღეს პასუხისმგებლობა, ეცდებიან ნერგებს მოუარონ და გაახარონ. მსგავსი ღონისძიებები ამავდროულად თანამშრომლობის უნარს უნვითარებს ბავშვებს. ცდილობენ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და ამით უფრო სახალისო გახადონ მათი ცხოვრება.